ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია ეჭვს არ ტოვებს: საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ გააჩნია, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს.
მისივე თქმით, ქვეყნის ერთადერთი წინ მიმავალი გზა ხელახალი არჩევნებია.
“ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია ეჭვს არ ტოვებს: საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ჩვენი ქვეყნისთვის ერთადერთი წინ მიმავალი გზა ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია. საქართველოს ევროპული მომავალი მისმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი რეზოლუცია მიიღო, რომელსაც 400-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. რეზოლუციის ტექსტში ევროპელი პოლიტიკოსები გმობენ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და “ქართულ ოცნებას” ე.წ. ხელისუფლებად მოიხსენიებენ. ისინი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობრივი რეპრესიები მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტების და მედიის წარმომადგენლების მიმართ. რეზოლუციაში საუბარია კონკრეტული პირების სანქცირებაზეც.