დღეს უკვე მიიღეს ცვლილება, რომელიც არის ლეგალიზება “კარუსელების”. ეს მაჩვენებელია იმისა, რომ ძალიან ნერვიულობენ და ემზადებიან არჩევნებისთვის. იციან, რომ მოუწევთ არჩევნების დანიშვნა და ყველაფერს აზღვევენ, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართულ ოცნებაში” დაბნეულობაა, “წინააღმდეგობის პლატფორმაში” კი სიმშვიდე და თანმიმდევრულობა.
“ბადრი ჯაფარიძე არის პროკურატურასთან და ელოდება ბრალის წაყენებას. ეს არის კიდევ ერთი იმის მაჩვენებელი, რომ რეჟიმი ცდილობს, რეპრესიებით შეგვაშინოს.
ძალიან საინტერესოა, რას აკეთებს რეჟიმი თუნდაც არჩევნების კუთხით. დღეს უკვე მიიღეს ცვლილება, რომელიც არის ლეგალიზება “კარუსელების”. ეს მაჩვენებელია იმისა, რომ ძალიან ნერვიულობენ და ემზადებიან არჩევნებისთვის. იციან, რომ მოუწევთ არჩევნების დანიშვნა და ყველაფერს აზღვევენ. ჩვენთვის, “წინააღმდეგობის პლატფორმისთვის” ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, დამკვირვებლების ჯარი მზად უნდა იყოს.
რაც შეეხება რძის სკანდალს, ეს არის მაჩვენებელი ბევრი რამის – ეს ოლიგარქიული რეჟიმი იმისკენაა მიმართული, რომ დიდი თუ პატარა ოლიგარქები ხალხის ხარჯზე გამდიდრდეს. სწორედ ამიტომ გვინდა ჩვენ ევროპა, რომ ადამიანი იყოს დაცული არა მხოლოდ რეგლამენტებით, არამედ უნდა არსებობდეს ნამდვილი და დამოუკიდებელი სურსათის სააგენტო, რომელიც არ გვაქვს. ადამიანი არაფრისგან არ არის დაცული.
საგარეო საკითხებს თუ მივუბრუნდებით, აქ არის საინტერესო სიახლე “ქართული ოცნების” განცხადებებში. ჩვენ ვერცერთ პარტნიორთან ვერ გვაქვს დალაგებული ურთიერთობა, უფრო და უფრო იზოლაციაში ვრჩებით მარტო, დაუცველი.
რა მდგომარეობაც გვაქვს დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელში, რომელიც ემსახურება ერთ პარტიას, არ შეიძლება, გაგრძელდეს და როგორც კი არჩევნები ჩატარდება და მოვა ახალი ხელისუფლება, პირველ რიგში, გასაკეთებელია, რომ ხალხს დაუბრუნდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი.
“ქართული ოცნება” გვაჩვენებს მათ ნერვიულობას, მოუმზადებლობას და ჩვენი მხრივ კი არის სიმშვიდე, თანმიმდევრულობა” , – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.