მშვიდობა ვერ იქნება ვერც იზოლაციაში და ვერც ჩვენი პარტნიორების გარეშე, არ გვექნება არცერთი რესურსი ჩვენი ჯარის გასაძლიერებლად, რათა ქვეყანა იყოს დაცული, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ვერ გაიგო, ვინ არის მეგობარი და ვინ მტერი.
“შეიძლება, ეს იყოს იმავე დონის დაზიანება, როგორიც არის რუსული კანონი ჩვენი ევროპული გზისთვის. ეს საზიანოა აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობისთვის, ჩვენი თავდაცვისუნარიანობისა და ყველაფრისთვის, რაც აქამდე ჩვენს ჯართან ერთად შენდებოდა. ყველაფერი ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ არის და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლება ვერ მიხვდა და ვერ გაიგო, სად არიან მისი მეგობრები, სად მტრები, რა უნდა გაკეთდეს, სად არის ამ ქვეყნის მშვიდობა. მშვიდობა ვერ იქნება ვერც იზოლაციაში და ვერც პარტნიორების გარეშე. არ გვექნება არცერთი რესურსი, ჩვენი ჯარი გავაძლიეროთ, იმისთვის კი არა, რომ რაღაც მოგონილი ფრონტები დავიწყოთ, არამედ ქვეყანა იყოს დაცული. დაცვა არის მზადებაში და მზადება დღეს საფრთხის ქვეშ არის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.