საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა გახსნა და ქართველ და უცხოელ სტუმრებსა და გამოფენაში მონაწილე თანამედროვე ხელოვნების არტისტებს სიტყვით მიმართა.
“მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ღონისძიების ორგანიზატორებს ამ გამოფენის მოწყობისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისის უკვე მეოთხე გაზაფხული Art Fair-ით იწყება, რომელიც უფრო და უფრო შთამბეჭდავი ხდება. ჯერ არ დამითვალიერებია წლევანდელი გამოფენა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს კიდევ უფრო მასშტაბური და უფრო გამომწვევია.
თავისუფლება – სხვა სიტყვას ვერ ვუწოდებდი ამ გამოფენას, რომელიც ჩვენს დღევანდელობაში შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს – Art Fair-თან ერთად თბილისში არაჩვეულებრივი თავისუფლების კერა ჩნდება, რაც ჩვენ და ყველა სტუმარს კიდევ სხვა ელფერს აძლევს.
დღევანდელი საქართველოსთვის ეს თავისუფლების ნიავი ძალიან მნიშვნელოვანია, აქ წარმოდგენილი კულტურა სხვა არაფერია თუ არა დიდი თავისუფლება და არ არსებობს ხელოვნება და კულტურა იქ, სადაც არ არსებობს თავისუფლება და საქართველო.
მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, დღევანდელი თავისუფლება და მე ვიცი, რომ თბილისი ყოველთვის იქნება მასპინძელი ასეთი არაჩვეულებრივი ღონისძიებების, რადგან თბილისი ყოველთვის იქნება თავისუფალი, ხელოვნება ყოველთვის იქნება თავისუფალი და საქართველო ყოველთვის იქნება ევროპული!“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.
თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა, რეგიონში ყველაზე დიდი სახელოვნებო ღონისძიებაა, რომელიც ერთ სივრცეში კრებს ხელოვანებს, გალერეებს, კურატორებს, კრიტიკოსებსა და კოლექციონერებს სხვადასხვა ქვეყნიდან. #taf -ის პროგრამა, მასშტაბური გამოფენა-გაყიდვის გარდა დამთვალიერებელს სთავაზობს ქართველი და უცხოელი არტისტების კურირებულ გამოფენებს, მასტერკლასებს, Art Talk-ებს და მრავალფეროვან პარალელურ პროგრამას.
წელს გამოფენაში 30-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეა მონაწილეობს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის არტისტებს წარადგენენ.