პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოპოზიცია სხვა რამისთვის იყო მომზადებული და სულ სხვა მოცემულობაში აღმოჩნდა.
მისივე თქმით, თუ პოლიტიკური პარტიები ხალხს არ მოუსმენენ, არაფერი გამოვა.
“არც მე და არც მოსახლეობა არ ვართ კმაყოფილი ოპოზიციით, არავინ არ არის კმაყოფილი, რადგან ოპოზიცია მომზადებული იყო სხვა რამისთვის, ვიცოდით ზუსტად სამოქმედო გეგმა რა იყო, რა კანონები იყო მისაღები, როგორ უნდა წავსულიყავით ახალ არჩევნებამდე, თუმცა, ძალიან რთულია, როდესაც პოლიტიკურ პარტიებს ვთხოვთ იმ საქმეში იყვნენ ერთად, რაც არ არის მათი პირველი დანიშნულება, ისინი ამისთვის არ ემზადებოდნენ და სულ სხვა მოცემულობაში არიან. კოორდინაცია უნდა იყოს მათ შორის მეტი, რადგან ეს არის ხალხის მოთხოვნა და ხალხს თუ არ მოუსმენენ პოლიტიკური პარტიები, არაფერი გამოვა.
სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი არჩევნები, რომელიც არ გულისხმობს იმას, რომ “ქართული ოცნება“ უეცრად გადავარდება, დაიჭერენ და აღარ იქნება, მაგრამ ახალი არჩევნები ნიშნავს იმას, რომ მიიღებენ იმას, რაც ეკუთვნით. ახალი არჩევნები არის სტაბილურობის გარანტია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა “მთავარ არხთან” ინტერვიუში.