მე რისკი ავიღე და ვცადე, არ გამოვიდა, თუმცა ამ პარტიების შორის განწყობები შეიცვალა და ის, რაც გუშინ იყო ძალიან რთული, ნელ-ნელა მოლბა. ეს პარტიები ცალ-ცალკე მოღვაწეობენ, მაგრამ მათი მიზანი ერთია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “მე და ჩემი ნაბადის პოლიტიკა დამთავრდა ბიძინასთან ერთად, ახლა გადავდივართ ახალ ეტაპზე, რომელიც არის დიდი გამოწვევა”
“მცდელობა იყო და იყო დროულიც და აუცილებელიც. ის გამოცდილება, რაც მივიღე 30 წლის მანძილზე დიპლომატიის და მოლაპარაკებების მეუბნებოდა, რომ არსებობდა დაკვეთა საზოგადოებისგან, რომ რაღაც ქენით, ყველამ ერთად მოახერხეთ, რომ კონსოლიდაცია მოხდეს და არსებობდა შანსი. ეს შანსი ძლიერდება ბოლოსკენ, როცა უკვე მეტი გასაქანი აღარ არსებობს. მე რისკი ავიღე და ვცადე, არ გამოვიდა. ეს ყველაფერი იყო იმ მოცემულობის ბრალი, რომელიც მძიმედ აწვება ამ ქვეყანაში ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს. თუმცა ორი მთავარი დამნაშავე ამ ყველაფერში არის პოლიტიკური კულტურა, რომელიც ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, რადგან ჯერ კიდევ მიჩნეულია სისუსტედ და მეორე, ის რაც ჩვენ გვწამს ყველას – უნდობლობა და ეჭვი. ეს გარემო აფერხებს ყველანაირ ძებნას იმ აუცილებელი შეთანხმებებისა რომელიც მიგვიყვანს მოლაპარაკებამდე.
არ შედგა და ჩვენ ვართ იმ მომენტში, როცა უნდა ვიყუროთ წინ და ამ ყველაფერში პოზიტივიც უნდა დავინახოთ. ამ პარტიების შორის განწყობები შეიცვალა და ის, რაც გუშინ იყო ძალიან რთული ნელ-ნელა მოლბა. ეს პარტიები ცალ-ცალკე მოღვაწეობენ, მაგრამ მათი მიზანი ერთია. ამ დილით ხელი მოაწერა მეოთხე პარტიამ ქარტიას და ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად აერთიანებს ამ ოთხივე პარტიას. ძალიან დასაფასებელია ის, რომ პარტიები, რომლებიც არსებობენ და არიან შედარებით დაბალი წონის პარტიები, გამოიჩინეს ძალიან დიდი პატივისცემა იმით, რომ მოვიდნენ, ქარტიაზე ხელი მოაწერეს, თუმცა არ მონაწილეობენ არჩევნებში, რადგან მიხვდნენ რა იყო ის მახე, რაც მომზადებულია ხელისუფლების მიერ, ანუ თუ ერთ პროცენტზე მეტი მიიღე და ხუთ პროცენტზე ნაკლები ეს ხმები ნაწილდება და გადადის იმ პირველ პარტიაზე, რომელიც შეიძლება ისევ “ოცნება” იყოს. ეს არის “ოცნების” გათვლა.
კიდევ ერთი პოზიტივი ის არის, რომ მე და ჩემი ნაბადის პოლიტიკა დამთავრდა ბიძინასთან ერთად. ახლა გადავდივართ ახალ ეტაპზე, რომელიც არის დიდი გამოწვევა, არ არის ადვილი ბევრი რამის დათმობა, მაგრამ ჩვენ ვართ გარდამტეხ მომენტში და ესეც უნდა დავინახოთ ყოველდღიურად. ამაში გვეხმარება ივანიშვილის პოლიტიკა, დღითი დღე პრაქტიკულად ცხადი ხდება მათი პრორუსულობა. ისინი ყველაფერ მთავარს თმობენ, რაც ქვეყნისთვის საჭიროა. „ოცნების“ კამპანია არის მხოლოდ ერთი – შიში, მუქარა და რევანშის დაპირება. როცა ხელისუფლება წინა საარჩევნოდ დაპირისპირებას აღვივებს, ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონ იცის ხმებით ვეღარ იგებს არჩევნებს და უნდა ჯახით მიიყვანოს ქვეყანა.
ეს ხელისუფლება ადამიანებს თავისუფლებას ართმევს. დღეს საქართველო დგას გამოწვევის წინაშე და ეს პარტიები მზად არიან დადგნენ ერთად, რომ გადაარჩინონ ქვეყანა. დღევანდელი არჩევნები არ არის ვის ვირჩევ, ეს არის რას ვირჩევ. ქვეყანას, დამოუკიდებლობას, წინსვლას, ევროპას თუ ვირჩევ უკუსვლას და იმ წარსულს, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20%. ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი არჩევანი და 26 ოქტომბერს მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი ევროპული გადაწყვეტილება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის მედიაციით მიმდინარე კონსულტაციები უშედეგოდ დასრულდა. გიორგი გახარიამ და მამუკა ხაზარაძემ გაერთიანებაზე შეთანხმება ვერ მოახერხეს.