მთელი დასავლეთ საქართველო არის თოვლის ქვეშ ისე, რომ სახელმწიფო რეაგირება არ ხდება ჯერ. ჩვენ არ გვყავს სახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სოფლები თოვლშია ჩაფლული.
“დღეს არის ძალიან დიდი ტრაგედია საქართველოში, გურიაში და არა მხოლოდ გურიაში, აჭარაში. მთელი დასავლეთ საქართველო არის თოვლის ქვეშ ისე, რომ სახელმწიფო რეაგირება არ ხდება ჯერ. ეს სოფლები თოვლში არიან ჩაფლული. იქ ცხოვრობს ძალიან ბევრი ხანში შესული ადამიანი. იქ მიდიან მხოლოდ მოხალისეები, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი და ცოცხალი საზოგადოება და ჩვენ არ გვყავს სახელმწიფო”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებში დიდთოვლობაა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა გურიაში, სადაც მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფლების ნაწილი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი, რის გამოც ადგილობრივებს საკვების, წყლისა და მედიკამენტების მარაგი ეწურებათ.
თოვლის მაღალმა საფარმა ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე ოჯახს საცხოვრებელი სახლის სახურავები დაუზიანა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ჩამონგრეულია ორმოცამდე სახლი.
რთული ვითარებაა სხვა რეგიონებშიც. უამინდობის მატარებლების რამდენიმე რეისი გადაიდო. მთავრობის განკარგულებით, დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან.