პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, შეხვედრაზე საუბარი ევროინტეგრაციასა და ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხს შეეხო.
“ამ გამოწვევების ფონზე, როცა ერთი მხრივ, “ქართულმა ოცნებამ” საბოტაჟის გზით, საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ევროპულ მომავალს, მეორე მხრივ, დარტყმის ქვეშ დააყენა საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომ გადაეფაროს ფარად ფარცხალაძეს, რომელიც არის დასანქცირებული ჯაშუშობისთვის, ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, ცხადია, რომ პრეზიდენტთან გვქონდა საუბარი ყველა ამ გამოწვევაზე”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ხატია დეკანოიძის თქმით, საუბარი ბევრ საკითხს შეეხო და პრეზიდენტი თავად გააკეთებს განცხადებას როგორც ევროინტეგრაციის პროცესთან, ასევე იმპიჩმენტთან და ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით.
ოპოზიციასთან შეხვედრამდე სალომე ზურაბიშვილი სამი დღის განმავლობაში ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის პრეზიდენტებს შეხვდა.