ვარ სიმბოლო იმისა, რასაც ებრძვის “ქართული ოცნება”, ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ტრადიციებს, ზრდილობას და საქართველოს სურათს მსოფლიოში, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს იყო პრეზიდენტზე ორგანიზებული თავდასხმა.
“ყველაფრის გატარება არ შეიძლება. დღეს საჩივარი შევიტანე, გამოძიება მოვითხოვე, ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ. აქ ადგილი ჰქონდა ორგანიზებულ ძალადობას და შემდეგ უკვე “ოცნების” მიერ გამართლებულ ძალადობას პრეზიდენტის მიმართ. ეს არის სახელმწიფო და ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არ სცემენ პატივს. მე ამ შემთხვევაში პიროვნება კი არ ვარ, ვარ სიმბოლო იმისა, რასაც ებრძვის “ქართული ოცნება” – ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ტრადიციებს, ზრდილობას და საქართველოს სურათს მსოფლიოში. მიუნხენში რომ მიმიღეს ამაზეა მათი, პატარა კაცების პატარა ბოღმა.
საზოგადოება ხედავს, რომ ესენი ვერაფერს გადიან. ამას ვუხსნიდი მე უცხოეთში, რასაც ღალატს ეძახიან. აღარ იციან, რას ნიშნავს ქვეყნის მართვა. ერთადერთი, რასაც აკეთებენ არის რეპრესიული ზომების და კვერცხის სროლა.
რა უსუსური უნდა იყო, რომ აქამდე დახვიდე. ეს არის რეჟიმი. რა სისუსტეს ავლენს რეჟიმი, როცა ასაკოვანი ქალის მიმართ ასე იქცევა. მადლობა საზოგადოებას, უცხოელ პარტნიორებს გამოხატული მხარდაჭერისთვის.
ეს ყველაფერი ავნებს საქართველოს. როგორ უნდა ვთქვათ რამე ტურიზმზე, როცა უსაფრთხოება აეროპორტში არ არის დაცული. იქ იყვნენ უცხოელი ტურისტებიც, რომლებიც გაკვირვებული უყურებდნენ, რა სიმხეცე არსებობს ამ ქვეყანაში.
ჩემი მოვალეობა არის, რომ ვიყო ამ ხალხის ხმა, გამხნევებელი, რომ გაგრძელდეს ეს პროტესტი. ეს იქნება ბოლომდე. ხვალ მექნება ვრცელი ინტერვიუ, სადაც ვრცლად მოვუყვები საზოგადოებას, რა იყო მიუნხენში ჩემი გზავნილები.
დიდი მადლობა მზია ამაღლობელს იმისთვის, რაც მან გააკეთა, რაც დღეს გააკეთა და შეწყვიტა შიმშილობა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში უცნობი პირები დახვდნენ და კვერცხები ესროლეს.