ჩემი პირდაპირი მოვალეობაა, რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ამ ძალადობის მიმართ და წინააღმდეგ მათი ხმაც ისმოდეს. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ცივილიზებულ ქვეყანაში სრულიად მიუღებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია და პოლიტიკური პარტიები უნდა შეთანხმდნენ, როგორი იქნება ახალი არჩევნები.
“საზოგადოებას, რომელიც გარეთ დგას, მინდა ვუსურვო მშვიდობა და მხნეობა. როგორც გუშინ მქონდა ნათქვამი, მოვიწვიე ქარტიის პოლიტიკური პარტიები და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელი, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ამ ქვეყანაში და ამ სასახლეში ნამდვილად შედგა ეროვნული თანხმობა იმის შესახებ, თუ რა გვაქვს დღეს გასაკეთებელი. ეს თანხმობა არის იმის დასტური, რომ ჩვენ არ მივდივართ რუსეთისკენ, ჩვენ მივდივართ ევროპისკენ.
ჩვენი დღევანდელი შეხვედრა არის კონსტიტუციურ ჩარჩოში. ეს ქუჩის პროტესტი, მთლიანად საზოგადოება და ეს წამოწყებები არის კონსტიტუციური, ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციურ მომავალს ამ ქვეყანაში, სამაგიეროდ, მმართველი პარტია გადადის კონსტიტუციური ნაბიჯებიდან, თუნდაც ბოლო განცხადებით.
საზოგადოებამ კარგად გაიგო, რომ ეს იყო ზურგის შექცევა ევროკავშირისთვის და ორიენტაციის შეცვლა. ეს გაიგეს პარტნიორებმაც.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გარდა, ჩვენ გვაქვს ერთი მოთხოვნა, რომელიც არის კონსტიტუციური – როცა გაყალბდა არჩევნები, სტაბილურობის ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები. ყველა სხვა გზა მიდის რუსეთისკენ და უფრო მეტი არასტაბილურობისკენ. თუ გვინდა, რომ ეს ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოზე, უნდა მივცეთ მის მოსახლეობას, რომ დაუბრუნოს თავისი ხმა.
არასამთავრობოებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ერთად უნდა შეიმუშაონ, თუ როგორი უნდა იყოს ახალი არჩევნების პირობები იმისთვის, რომ არ აღმოვჩნდეთ იმავე ვითარებაში. არის რამდენიმე ნაბიჯი გადასადგმელი, რომ დაცული იყოს არჩევნები, რომ არჩევნების ეს გეგმა წარმოვადგინოთ, როცა ჩამოვა ტექნიკური მისია ევროკავშირის მხრიდან.
მხარდაჭერა, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს, ეს პირველ რიგში, არის საზოგადოების, არასამთავრობოების და იურისტების საქმე, რომლებიც ასევე წარმოდგენილი იყვნენ. მორალური ვალდებულებაა იმ ადამიანების პირდაპირი მნიშვნელობით სამართლებრივი დაცვა, რომლებიც დაკავებულები არიან. მათი არდავიწყება ასევე ჩემი ვალდებულებაა. ყველა უწყებას უნდა მივმართოთ, რომ ვინც დაშავდა ყველა უნდა იყოს დაცული. ჩემი პირდაპირი მოვალეობაა, რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ამ ძალადობის მიმართ და წინააღმდეგ მათი ხმაც ისმოდეს. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ცივილიზებულ ქვეყანაში სრულიად მიუღებელი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.