ევროპული გზა დამოკიდებულია იმაზე, რომ “ქართული ოცნება” დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას, პატიმრები გამოუშვას და არჩევნები დანიშნოს , – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მან საფრანგეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტისას წინააღმდეგობის პლატფორმა გააცნო მათ და სამოქმედო გეგმებზე ისაუბრა.
“მე ვიყავი საფრანგეთში და ჩეხეთის რესპუბლიკაში. ორივეგან მე ვიყავი, როგორც ამ წინააღმდეგობის პლატფორმის წარმომადგენელი. შეხვედრებზე მათ გავაცანი ეს პლატფორმა და როგორ აპირებს ეს პლატფორმა მუშაობას.
საფრანგეთში ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო საზოგადოებისგან, ეს იყო საზოგადოებრივი ფორუმი დემოკრატიის დაცვის მიზნით, სადაც საქართველოს საკითხის მიმართ ძალიან დიდი მხარდაჭერა მივიღეთ ევროპულ გზაზე.
ჩეხეთში სენატის წინაშე წარვადგინე ჩვენი საკითხი, დღევანდელი მდგომარეობა. აქაც ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოხატეს, ფეხზე დამდგარი სენატორები მიესალმნენ 9 აპრილის ხსოვნას. მათ არ ეშლებათ, ვინ იყო როდიონოვი და კარგად იციან ფასი იმ ადამიანების, რომლებიც თავისუფლებას და დემოკრატიას იცავდნენ რუსული სასტიკი ჯარების წინააღმდეგ. ის, რომ ვიღაცას ეს ჩვენთან ეშლება და შეუძლია, შეადაროს როდიონოვი და ის ჯარისკაცები, რომლებიც ხოცავდნენ ახალგაზრდებს დღევანდელ ჩვენს ახალგაზრდებთან, ეს არის წარმოუდგენელი.
აქედან გამომდინარე, ვხედავთ, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა უფრო და უფრო რეალური ხდება. ამ ერთ კვირაში ვნახეთ ძალიან ბევრი გამოვლენა, პირველ რიგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალი რეზოლუცია. თვითონ რეზოლუცია აღნიშნავს, რომ არ არის წინსვლა, იანვრის რეზოლუციასთან მიმართებით ვითარება საქართველოში კიდევ უფრო გაუარესდა და უწევს რეკომენდაციას, რომ ევროსაბჭოს კომიტეტის ვიზიტი გაიმართოს საქართველოში. ეს არის რეპრესიული ზომების დაგმობა.
ამავე დროს, 9 აპრილს შეიკრიბა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი საქართველოს საკითხზე და იქაც მოითხოვეს ახალი საპარლამენტო არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება.
გერმანია დიდად ვერ აქტიურობდა, ახლა შეიქმნა ახალი კოალიცია და ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კოალიციის შეთანხმების ტექსტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეიძლება მხოლოდ აღდგეს, როცა ყველა ეჭვები იქნება გაქარწყლებული.
ყველა ეს განცხადებები გვიჩვენებს იმას, თუ რამდენად ტყუილი განცხადებები წარმოთქვა პრემიერმა გუშინ. ის ცდილობს, რომ ტყუილებით დააჯეროს ხალხი, რომ თვითონაც ამზადებენ ევროპულ გზას. თუმცა ყველა მათი განცხადება ერთ რამეს გვიჩვენებს – ევროპული გზა დამოკიდებულია იმაზე, რომ “ქართული ოცნება” დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას, პატიმრები გამოუშვას და არჩევნები დანიშნოს.
რაც შეეხება ბრიტანეთის სანქციებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირადად მივმართავ ყველას, ვინც არის ჩართული რეპრესიებში, თქვენ შეგიძლიათ გონზე მოხვიდეთ და არ შეხვიდეთ ამ რეჟიმთან ასეთი ტიპის თანამშრომლობაში, რამეთუ არამხოლოდ ეს სანქციები შეიძლება თქვენც დაგეწიოთ, არამედ თქვენ მორალურად იქნებით ჩვენი საზოგადოების წინაშე პასუხისმგებელი ამაზე.
ჩვენ ასევე ვიწყებთ მუშაობას საზოგადოებრივ დიდ სეგმენტებთან, მათ შორის საჯარო მოხელეებთან და შეგატყობინებთ შემდეგ დღეებში, როდის გვექნება ეს შეხვედრები”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.