ეს არის მთელი ევროპისთვის გამოცდა. თუ დავუშვებთ, რომ საქართველო კვლავ რუსეთის ხელში აღმოჩნდეს, ეს მხოლოდ ჩემი ქვეყნისთვის არ იქნება ტრაგედია, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა ევროპამ ქმედებებით უნდა დაამტკიცოს საქართველოს მხარდაჭერა.
“დღეს, როდესაც საქართველო დიდი საფრთხეების წინაშეა, როდესაც საქმე მის დემოკრატიას და ევროპულ მომავალს ეხება, მე აქ გამოვხატავ არა მხოლოდ მადლიერებას, არამედ მოგიწოდებთ ქმედებებისკენაც.
ლიეტუვა ყოველთვის იყო საქართველოს დამოუკიდებლობისა და ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი. თქვენი სოლიდარობა ჩვენთანაა. თქვენ ჩვენ გვერდით იყავით 2008 წლის ომის დროს, თქვენ მხარს უჭერდით ჩვენს დემოკრატიულ რეფორმებს, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, გაზრდასა და გამრავლებას. დღეს კვლავ დგახართ ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც არ აღიარებენ გაყალბებულ არჩევნებს და ითხოვენ ახალ არჩევნებს.
ახლა საქართველოში კრიზისი გამწვავდა და ეს გასცდა პოლიტიკურ კრიზისს, საკითხს, როდესაც ოპოზიცია აპროტესტებს არჩევნებს. ჩვენ ახლა დიდი გამოწვევის წინაშე ვართ და ეს შეიძლება შევაფასოთ ეგზისტენციალურ გამოწვევად.
მმართველი პარტია თავდაპირველად მხარდაჭერილი იყო მთელი საზოგადოების მიერ, რადგან ისინი ევროპული მომავლის სახელით მოვიდნენ, თუმცა 28 ნოემბერს მათ გადაწყვიტეს, რომ ზურგი აქციონ ერის სურვილს, რომ ქვეყანა არ იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი. ისინი ცდილობენ, უკან დააბრუნონ საქართველო რუსულ მმართველობაში. რუსული კოშმარი ბრუნდება 21-ე საუკუნეში.
ჩვენ დღეს პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები ვართ რეპრესიების ქვეშ. სოლიდარობისთვის შექმნილი ფონდები გაყინეს და მკაცრად აკონტროლებენ ფინანსურ შესაძლებლობას.
რაც შეეხება “აგენტების კანონს”, ის კიდევ უფრო მკაცრდება და იღებენ “ფარას კანონს”, ვითომ ამერიკულს. ეს კიდევ უფრო შეზღუდავს ფინანსურ შესაძლებლობებს. ასევე, მკაცრდება რეგულაციები. ნერგავენ შიშს და მოსახლეობას აჯერებენ, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკონტროლებს. იყენებენ სახის ამომცნობ ტექნოლოგიას, რომ შეავიწროონ აქტივისტები.
არანაირი თავისუფალი ინსტიტუტი არ დარჩა. პარლამენტი არ არსებობს, ის არის ერთპარტიული. ეს არის მთელი ევროპისთვის გამოცდა. ის, რაც ხდება საქართველოში, უფრო დიდი გეგმის ნაწილია, რომელიც ორკესტრირებულია მოსკოვის მიერ და რომლის მიზანიც შავ ზღვაზე, კავკასიის რეგიონზე და ცენტრალურ აზიაზე კონტროლის დამყარებაა. რუსეთი საკუთარ სამხედრო წარმომადგენლობას აფხაზეთში ზრდის, რაც რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალას კიდევ უფრო გააძლიერებს. თუ ევროპა აზიისკენ არსებულ კავშირს დაკარგავს, ჩვენი მცდელობა, რომ შევქმნათ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ჩაშლილია და ამ პროექტში ჩინეთი ხდება წამყვანი. რაც შეეხება ირანის ინტერესებს, ისიც ძლიერდება, მათ სურთ, რომ კავკასია დასავლეთს მოწყვიტონ. ევროპამ ახლავე უნდა იმოქმედოს. თუ დავუშვებთ, რომ საქართველო კვლავ რუსეთის ხელში აღმოჩნდეს, ეს მხოლოდ ჩემი ქვეყნისთვის არ იქნება ტრაგედია. ეს დაამტკიცებს, რომ რუსეთს არ სჭირდება სამხედრო თავდასხმა და შეჭრა საკუთარი მიზნების მისაღწევად, არამედ ბევრად უფრო იაფად შეუძლიათ ჰიბრიდული ომი აწარმოონ.
რაც შეეხება არჩევნების არაღიარებას, ევროპამ უნდა გაიაზროს, რომ ეს არის ერთადერთი მშვიდობიანი გზა მხარეებს შორის საერთო აზრის გამონახვისთვის. თუ ჩვენ ამას ერთად ვერ მივაღწევთ, საქართველო რუსულ მოდელზე გადაეწყობა. ამის თავიდან აცილება შესაძლებელია და უნდა ავიცილოთ.
ჩვენ ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც ყველაზე მონდომებული მოსახლეობა ჰყავს, როდესაც საქმე ევროინტეგრაციას ეხება. გვაქვს თქვენი იმედი, თუ ერთად დავდგებით არა მხოლოდ საქართველოს დავიცავთ, არამედ გადავარჩენთ ევროპის ერთიანობას და მომავალს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.