ვინც თავის ამომრჩეველს უღალატა არის ის ძალა, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, რომელიც დაჰპირდა საზოგადოებას, რომ იქნებოდა დემოკრატია. დღეს არის დაახლოებით ის, რაც იყო სააკაშვილის დროს, – ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ერთადერთი გზა მოქალაქეების გასაერთიანებლად არის ხელახალი არჩევნები.
“როცა ხალხს რჩება განცდა, რომ წაართვეს არჩევნები, ძალიან ძნელია, ისაუბრო გაერთიანებაზე, მაგრამ რჩება პრეზიდენტის როლი, რომ გახდეს შეერთების ერთ-ერთი გზა. ესაა მხოლოდ ერთი – არჩევნების გამეორება.
ჩვენ მივიღეთ არჩევნების არალეგიტიმურობა და მანდატის არალეგიტიმურობა. ეს აღქმადია საზოგადოებისთვის, როგორც მიბრუნება რუსეთისკენ. ნიშანდობლივია, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ძალიან ცუდად მიიღეს ყველა ჩვენი პარტნიორებისგან, სამაგიეროდ, ძალიან დააფასა პუტინმა, მედვედევმა, პესკოვმა და დუგინმა. ანუ, რუსეთის ყველა ლიდერმა მიულოცა პრემიერს ეს გადაწყვეტილება, რომელიც არის რევოლუცია ჩვენთვის.
მე ვარ თუ არა საზოგადოების გამაერთიანებელი, სხვაა, მაგრამ ვინ გაყო საზოგადოება – ესაა პირველი კითხვა. მე ვარ ზუსტად იმ პოზიციაზე, რომელზეც ვიყავი, როცა ბატონმა ივანიშვილმა შემომთავაზა პრეზიდენტობა. მე ვთვლიდი და ვთვლი, რომ საქართველოს ერთადერთი მომავალი ევროკავშირია.
ვინც თავის ამომრჩეველს უღალატა არის ის ძალა, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, რომელიც დაჰპირდა საზოგადოებას, რომ იქნებოდა დემოკრატია. დღეს არის დაახლოებით ის, რაც იყო სააკაშვილის დროს. ახლა ყველა ინსტიტუტი არის ერთი პარტიის ხელში. დაჰპირდნენ საზოგადოებას ევროინტეგრაციას და დაიწყეს ელჩების ლანძღვა, რეკომენდაციების არშესრულება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.