შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1995 წელს დაბადებული დ.გ. დააკავეს.
დანაშაული თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
“სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 51 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ასევე, ამოღებულია ელექტრო სასწორები.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.