როცა ადამიანი ამბობს, რევოლუცია და ტერორისტული აქტი მზადდებოდაო და მტკიცებულება საერთოდ არ არის წარმოდგენილი, მგონი, ძალიან ძნელია, სერიოზულად აღიქვა ეს ანგარიში, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სუსის ანგარიშის მიხედვით, ტერორისტული აქტის საკითხში არა თუ დაკავებული, არამედ, მხილებულიც კი არავინაა.
“რამე მტკიცებულება ხომ უნდა იყოს. გაურკვეველია, რატომ უნდა ენდო სიტყვაზე სპეცსამსახურს. სპეცსამსახურების მთელი იდეა იმაშია, რომ მათ ძალიან დიდი ძალაუფლება აქვთ და ამიტომ, სჭირდებათ დიდი კონტროლი, აქედან გამომდინარე, როცა ადამიანი ამბობს, რევოლუცია და ტერორისტული აქტი მზადდებოდაო და მტკიცებულება საერთოდ არ არის წარმოდგენილი, მგონი, ძალიან ძნელია, სერიოზულად აღიქვა ეს ანგარიში, თან, ამ საქმეზე, არა თუ არავინ დაჭერილი არ გვყავს, არამედ მხილებაც კი არ მომხდარა ვინმესი”, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა განაცხადა, რომ 2023 წელს ადგილი ჰქონდა სხვადასხვა აქტორების მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებისთვის ნიადაგის მომზადების მცდელობებს.