საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის სოფელ დიდი ჩაილურის ყოვლაწმინდა ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მღვდელ თეიმურაზ ქორიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის სოფელ დიდი ჩაილურის ყოვლაწმინდა ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი თეიმურაზ ქორიძე.
მამა თეიმურაზი საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი იყო და სამსახურის დაარსების პირველივე დღეებიდან აქტიურად გახლდათ ჩართული მის მუშაობაში.
მწუხარებას გამოვთქვამთ მღვდელ თეიმურაზის გარდაცვალების გამო, თანავუგრძნობთ საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის სასულიერო დასს, მრევლს, განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს.
უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.
გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მღვდელი თეიმურაზ”, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მღვდელ თეიმურაზ ქორიძეს, საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოს ლუკას (ლომიძე) კურთხევით, 2024 წლის 22 აგვისტოს, დილით თბილისიდან გადაასვენებენ საგარეჯოს წმინდა დოდო გარეჯელის სახელობის საკათედრო ტაძარში (მის. საგარეჯო, ბარათაშვილის ქ. N 23).
შაბათს, 2024 წლის 24 აგვისტოს, წირვის შემდეგ შედგება წესის აგება და 14:00 საათზე დაიკრძალება ამავე ტაძრის ეზოში.