კიდევ ერთხელ ვთხოვთ ახალგაზრდებს, საერთოდ დემონსტრანტებს, გამოიჩინონ კეთილგონიერება და დაიცვან პროტესტის გამოხატვის საზღვრები; ასევე ვთხოვთ სამართალდამცველებს, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და არ გასცდნენ კანონიერი მოქმედების ფარგლებს, – ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული.
“დიდად ვწუხვართ, რომ მიუხედავად ეკლესიის მოწოდებისა, რუსთაველის გამზირზე დემონსტრაცია 30 ნოემბერსაც სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მასმედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს ქმედებები, რომელიც გაცდა კანონიერებისა და ზნეობის ფარგლებს.
შექმნილი ვითარება იწვევს დაპირისპირებას და საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა მშვიდობიან თანაცხოვრებას.
ჩვენთვის ძვირფასია ორივე მხარეს მდგომნი და ვლოცულობთ მათთვის; ვლოცულობთ დაშავებულთა მალე გამოჯანმრთელებისთვის. ამასთან, კიდევ ერთხელ ვთხოვთ ახალგაზრდებს, საერთოდ დემონსტრანტებს, გამოიჩინონ კეთილგონიერება და დაიცვან პროტესტის გამოხატვის საზღვრები; ასევე ვთხოვთ სამართალდამცველებს, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და არ გასცდნენ კანონიერი მოქმედების ფარგლებს;
აუცილებელია, სახელმწიფომ მოახდინოს საზოგადოების სწრაფი ინფორმირებულობა დარღვევებისა და გამოძიების შესახებ.
რაოდენ დიდი ფასეულობისთვისაც არ უნდა ვიღვწოდეთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი არის ღვთის ხატი და მსგავსი და ყველაზე დიდი ღირსების მატარებელი ქმნილება ამ სამყაროში.
შევთხოვთ ყოვლაწმინდა ღვთისმშობელს, დაიცვას თავისი წილხვედრი საქართველო მშვიდობით”, – აღნიშნულია განცხადებაში.