შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან გრიგოლ ბესელიასთან და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსთან გიორგი ხურციასთან ერთად, ბათუმში დაჭრილი პატრულ-ინსპექტორები მოინახულა.
შსს-ს ინფორმაციით, ვაჟა სირაძემ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ექიმებისგან მოისმინა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა პატრულ-ინსპექტორებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
მიმდინარე წლის 20 იანვარს, ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე შეტყობინების საფუძველზე მისულ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორებს ფსიქიკური აშლილობის მქონე მოქალაქე დანით თავს დაესხა. აღნიშნულმა პირმა მისი განიარაღებისა და დაკავების პროცესში სამ პატრულ-ინსპექტორს: რეზო ქარცხიას, რამაზ ბერიძეს და ავთანდილ დოლიძეს სხეულის სხვადასხვა არეში დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა.
სამართალდამცველებმა ის ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. დაჭრილი პატრულ-ინსპექტორები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.