საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და მათთვის საჭირო რესურსების გაზიარებას. ამჯერად, ბიზნეს განათლების ხელშეწყობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა Businesscourse.ge-ს ოთხი ახალი კურსი დაემატა – ბიზნეს პროცესების გაციფრულება, ონლაინ გაყიდვები, გაყიდვების პრაქტიკა და ბრენდინგი. ამ პროგრამების გავლა ბიზნესის წარმომადგენლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს უფასოდ შეუძლიათ. კურსებს უძღვებიან დარგის სპეციალისტები საქართველოს ბანკიდან და პარტნიორი ორგანიზაციებიდან.
აღსანიშნავია, რომ სამი კურსი ბიზნეს პროცესების გაციფრულება, ონლაინ გაყიდვები და ბრენდინგი – მომზადდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ევროკავშირის მხარდაჭერით – კონსულტაციები მცირე და საშუალო ბიზნესისათვის პროგრამის ფარგლებში.
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსის პლატფორმა ყველა იმ მიმართულებას ფარავს, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარებისთვის სჭირდება, მათ შორისაა გაყიდვები, ფინანსები, მარკეტინგი, ადამიანური რესურსების მართვა და სხვა საკითხები. პლატფორმაზე კურსები ვიდეოგაკვეთილების სახითაა განთავსებული, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, სასურველ თემაზე ცოდნა ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან მიიღოს. ჯამში ონლაინ პლატფორმაზე 45 კურსია ხელმისაწვდომი, გასულ წელს კი სხვადასხვა კურსი 20 000-მდე მომხმარებელმა გაიარა. კურსების გარდა, პლატფორმაზე ხელმისაწვდომია მასტერკლასებიც – სპეციალური პროგრამები ახლად შექმნილი კომპანიებისთვის, რომლებსაც ბიზნესის დაგეგმვისა და განვითარებისთვის საბაზისო ინფორმაცია სჭირდებათ.
ბიზნეს პროცესების გაციფრულება ერთ-ერთია ახალი კურსებიდან, რომელთა გავლა უკვე შესაძლებელია Businesscourse.ge-ზე. მას ირმა ბერძენიშვილი უძღვება და დაინტერესებულ პირებს აძლევს ინფორმაციას ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ სააღრიცხვო სისტემებზე, ქლაუდ გადაწყვეტებსა და რობოტიზაციაზე.
ონლაინ გაყიდვების კურსზე კრეატიული სააგენტო FCB Artgroup Tbilisi-ის მმართველი მენეჯერი, ანი ზაქარეიშვილი ელექტრონული კომერციის მზარდ ტენდენციებს მიმოიხილავს.
ბრენდინგის კურსის ავტორი კი ალექს ჩიქოვანი, Live Branding-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. იგი მონაწილეებს უზიარებს ინფორმაციას ბრენდის მშენებლობის, საკომუნიკაციო გზავნილების, დიზაინის შექმნის და სხვა საკითხებზე.
გაყიდვები პრაქტიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისთვის, საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის ან გაყიდვების სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვისაა და მას ნანა აბურჯანიძე, ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია “სოლუშენერის“ დამფუძნებელი უძღვება.
“მოხარული ვართ, რომ EBRD-სა და ევროკავშირთან ერთად, გვაქვს შესაძლებლობა, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებს, ისე სხვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, გავუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება, მხარი დავუჭიროთ განვითარებაში და დავეხმაროთ ახალი მიდგომების დანერგვაში. ვამაყობთ, რომ ბიზნესკურსის მიმართ დაინტერესება მუდმივად იზრდება. ჩვენ არ ვჩერდებით და უახლოეს პერიოდში კიდევ არაერთ ახალ კურსს შევთავაზებთ მომხმარებლებს“, – ამბობს რუსუდან ბარათაშვილი, საქართველოს ბანკის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.
კურსებისა და მასტერკლასების სანახავად ესტუმრეთ ვებსაიტს Businesscourse.ge.
(R)