“საქართველოს ბანკმა” ვაჭრობის დასაფინანსებლად Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბანკსა და Citi-ს შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების Continuing Agreement for Reimbursement of Trade Advances (“CARTA”)-ს ფარგლებში შედგა და მხარეებს შორის მეთერთმეტე წარმატებულ გარიგებას წარმოადგენს. შეთანხმების ფარგლებში, დამატებით, ბანკმა ამ წლის განმავლობაში, 47,5 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა. ფინანსური რესურსი ბანკს შესაძლებლობას მისცემს, კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო პროდუქტები შესთავაზოს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა 50 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება იმავე მიზნობრიობით Citi-ისგან გასულ წელსაც მიიღო.
“მოხარული ვართ, რომ ჩვენი და მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ინსტიტუტის, Citi-ის პარტნიორობა გრძელდება, რაც მორიგი შეთანხმებით, 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსებით გამოიხატა. ამ ტიპის გარიგებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის, კონკრეტულად კი მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის გაძლიერებისთვის. აღნიშნული ტრანზაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ბანკის ურყევ ძალისხმევას, იზრუნოს ბიზნესისთვის საუკეთესო ფინანსური შესაძლებლობების შექმნაზე, ამასთან, ხაზს უსვამს ნდობას, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები ჩვენ მიმართ გამოხატავენ. მადლობას ვუხდით Citi-ს თანამშრომლობისთვის, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას, რათა მათ მოიპოვონ ახალი შესაძლებლობები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე“, – აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.
“ჩვენ საქართველოში ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან – საქართველოს ბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს, რითაც ძალიან ვამაყობთ. აღნიშნული შეთანხმება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Citi-ს მხრიდან არა მხოლოდ მომხმარებლების ბიზნესსაქმიანობისა და ზრდის ამბიციების, არამედ მთლიანად საქართველოს მიმართ ურყევ და გრძელვადიან მხარდაჭერას“, – აღნიშნავს ემრე უმუთი, Citi-ს ფინანსური ინსტიტუტის გაყიდვების სახაზინო და სავაჭრო გადაწყვეტილებების მიმართულების ხელმძღვანელი შუა აღმოსავლეთსა და აფრიკაში.
(R)