სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს 91 წელი შეუსრულდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაურ-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს, ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია.
1957 წელს ირაკლი შიოლაშვილი ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა. 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად; 1959 წლის10 მაისს წმინდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელ-მონაზვნად; სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად; 1961 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად; 1963-1972 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი; 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად; 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში; 1977 წლის 9 ნოემბერს დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ.
1977 წლის 23 დეკემბერს მე-12 ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე მიტროპოლიტი ილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. იმავე წლის 25 დეკემბერს საპატრიარქო ტახტზე მისი აღსაყდრება (ინტრონიზაცია) მოხდა.