პარტია “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის გადადგომას აზრი არ აქვს და ქვეყანაში ცვლილებები არჩევნების გზით უნდა განხორციელდეს.
“სამწუხაროდ, არც ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც პარლამენტში არის წარმოდგენილი და ვინც დღეს ამ მასკარადის მონაწილეები იყვნენ, არ ფიქრობენ ხალხის საჭიროებებზე, პრობლემებზე, რომლებიც ხალხს აწუხებს. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნების გზით უნდა დააფიქსირონ თავისი პოზიცია და ეს იქნება უახლოეს არჩევნებზე. მთავრობის გადადგომას დღეს არანაირი აზრი არ აქვს, იმდენად დისკრედიტირებულია მთლიანად ხელისუფლება და სამთავრობო გუნდი. ამიტომ, ცვლილებები უნდა მოხდეს არჩევნების გზით”- განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
კითხვას – ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებში, მათ შორის, TV პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ხოჯევანიშვილი ასე პასუხობს:
“როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ ფაქტთან დაკავშირებით უნდა დადგეს, იმიტომ, რომ საზოგადოებამ ნახოს, თუ როგორი რეაგირება უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მსგავს ტრაგედიებზე. ეს იყო ორკესტრირებული შეტევა მედიაზე იმ დღეს, როდესაც სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მოქალაქეების, მათ შორის მედიის უსაფრთხოება.
უნდა დაისაჯოს ყველა ადამიანი, ვისაც იმ დღეს შემხებლობა ჰქონდა სამარცხვინო აქტთან, როგორიც იყო მედიის წარმომადგენლების მიზანმიმართული ცემა. სახელმწიფომ უნდა აჩვენოს, რომ ინსტიტუციები არ არის ჩამოშლილი და დარღვეული, რისი ნიშნებიც ჩვენ გვაქვს”- განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.