100 წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს, დამფუძნებელმა კრებამ პირველი კონსტიტუცია მიიღო და საქართველო დემოკრატიული იმიჯის სახელმწიფოდ შეიყვანა მსოფლიო თანამეგობრობაში.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო, მუდმივი და უცვლელი ფორმა პოლიტიკური წყობილებისა არის დემოკრატიული რესპუბლიკა; საქართველოს დედაქალაქი არის ტფილისი, სახელმწიფო ენა — ქართული; საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის მართვა-გამგეობის ფორმის გაუქმება არ შეიძლება გახდეს კონსტიტუციის გადასინჯვის წინადადების საგნად.
1921 წლის კონსტიტუცია გამოირჩევა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განმტკიცებით. კონსტიტუცია აცხადებს კანონის წინაშე მოქალაქეთა თანასწორობას და კრძალავს წოდებრივ განსხვავებებს. ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია, როგორც პოლიტიკურ, ისე სამოქალაქო, ეკონომიურ და საოჯახო უფლებით. გარდა მოქალაქეთა უფლებებისა, კონსტიტუცია აღიარებს ეროვნულ უმცირესობათა უფლებებს.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორიისა და საქართველოს სახეწლმწიფოებრიობის განვითარებაში. მართალია, მას რეალურად არც ერთი დღე არ უმოქმედია, თუმცა იგი მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს. მისი აღდენა ორჯერ სცადეს 1990-იან წლებში. პირველად 1992 წლის 21 თებერვალს, როდესაც იგი საქართველოს სამხედრო საბჭომ აღადგინა, თუმცა მან მხოლოდ სამი დღე იმოქმედა. მეორე მცდელობა იყო 1993 წელს, როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას დაევალა 1921 წლის კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავება, მაგრამ არც ამჯერად მოხერხდა მისი აღდგენა — მის ნაცვლად მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია, რომელიც დაეყრდნო 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს.
ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტი სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საზოგადო მოღვაწის შთამომავალი, 10 წლის ექვთიმე თაყაიშვილი, „ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმს“ გახსნიან. პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომას, რომელიც პლენარულ სხდომათა დარბაზში გაიმართება, სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერმინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა მიმართავენ.
დაგეგმილია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ლევან იოსელიანის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის სიტყვით გამოსვლაც.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, „თავისუფლების საპარლამენტო ორდენით“ დააჯილდოვებენ. კანონმდებლობით დადგენილ შესაბამის ფულად ჯილდოს, ირაკლი კობახიძე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს გადაურიცხავს.
ასევე, საკანონმდებლო ორგანოში არანაკლებ 25-წლიანი წარმატებული სამსახურისთვის, პარლამენტის აპარატის 13 თანამშრომელს სამკერდე ნიშნით დააჯილდოვებენ.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისა და უზენაესი საბჭოების თავმჯდომარეები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, თბილისის მერი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, საპატრიარქოსა და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, ასევე, ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავლები დაესწრებიან.