თურქულ მხარესთან ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, თავდაცვის ძალებმა ახალი, ნატოს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორები VURAN მიიღო.
მაღალი გამავლობის ჯავშანტექნიკის გადმოცემის ცერემონიალი ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე სერგო ჯანელიძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, ბრიგადის გენერალი კახა ტაბატაძე, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი და თავდაცვის ატაშე დაესწრნენ. ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოვიდა თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს იურისდიქციის ქვეშ მყოფი კომპანიის „ASFAT“ გენერალური მენეჯერიც.
ჯავშანმანქანები VURAN აღჭურვილობითა და ქვესისტემებით ნატოს სტანდარტების შესაბამისია. საქართველოს თავდაცვის ძალების აღჭურვა აღნიშნული ჯავშანმანქანებით მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და თურქეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.