თბილისი: საქართველოსა და უკრაინის ოკუპაცია უკანონო ძალაუფლების პოლიტიკის ერთ-ერთი მაგალითია, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო წესრიგი დღეს უგულებელყოფილია, ხოლო შეიარაღებული კონფლიქტების რაოდენობა წლიდან-წლამდე იზრდება.
“სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა არის სტაბილურობისა და უსაფრთხოების მთავარი შემადგენელი ნაწილი, როგორც გლობალურად, ისე ცალკეულ რეგიონებშიც, თუმცა საქართველოსა და უკრაინის ოკუპაცია, ასევე დესტაბილიზაცია მთლიან რეგიონში არის მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითი, როგორ ჩაანაცვლა უკანონო ძალაუფლებამ საერთაშორისო წესრიგი“, – განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა
კისკამ ასევე ყურადღება გაამახვილა ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევებზე სირიასა და დიდ ბრიტანეთში, კერძოდ სოლსბერიში, რაც სლოვაკეთის ლიდერის თქმით, “შოკისმომგვრელი იყო”.
“ევროპაში, კერძოდ სოლსბერიში ქიმიური თავდასხმა, რომლის ორგანიზატორებიც პასუხისმგებლობას თავსარიდებენ, შოკისმომგვრელი იყო. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ არც ერთი თავდამსხმელი არ დარჩეს დაუსჯელი. მტკიცედ უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენს პრინციპებს აგრესიული პოლიტიკით ვერ შელახავ“, – განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა.