საქართველოში „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
“ორივე შემთხვევა გახლავთ საქართველოს მოქალაქე, რომელთაც აქვთ მოგზაურობის ისტორია აშშ-სა და ახლო აღმოსავლეთში, დუბაიში. ორივე იზოლირებული არიან, მიმდინარეობს მათი 26 კონტაქტის კვლევა. ერთ შემთხვევაში გვაქვს 10 კონტაქტი, მეორე შემთხვევაში – 16. აქედან 11 გახლავთ უცხოელი, დანარჩენი საქართველოს მოქალაქეები. მათი ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს. ორივე ინფიცირებული იმყოფება თავიანთ ბინაში, იზოლაციაში და მიმდინარეობა არის მსუბუქი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
“ომიკრონის“ სახელწოდებით ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამი პირველად სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა, შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, საქართველოს გარდა, „ომიკრონი“ კიდევ მსოფლიოს 89 ქვეყანაშია დაფიქსირებული.