თბილისის საქალაქო სასამართლოში “რუსთავი 2”-ის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. საუბარია დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელზე.
მათი მოთხოვნით, იძულებით წართმეული ქონება ისევ კანონიერ მესაკუთრეებს უნდა დაუბრუნდეს. მათი მტკიცებით, თუ “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ქიბარ ხალვაშის სარჩელი სასამართლომ დააკმაყოფილა, იგივე არგუმენტებით, დვალისა და აქიმიძის სარჩელიც უნდა დაკმაყოფილდეს და მათ კომპანიის 30-30%-იანი წილები უნდა გადაეცეთ.
“ჩვენ 2004 წელს ძალით დაგვათმობინეს ეს ტელევიზია და როგორც რამდენიმე წლის წინ ქიბარ ხალვაშმა მოიგო საქართველოს სასამართლოშიც და სტრასბურგშიც, რომელიც ამტკიცებდა, რომ მას ძალით წაართვეს. ჩვენი არგუმენტი ისაა, რომ კი ბატონო, ოღონდ ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო და არა ქიბარით. დაიწყო იმით, რომ ჩვენ დამფუძნებლებს წაგვართვეს ეს ტელევიზია და ეს მოხდა რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე ქიბართან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენი არგუმენტაცია იქნება საკმაოდ მტკიცე“, – აცხადებს დავით დვალი.
“რუსთავი 2”-ის ამჟამინდელი დირექტორს პაატა სალიას კი მოლოდინი აქვს, რომ მოსამართლე აქიმიძესა და დვალს კუთვნილ წილებს არ დაუბრუნებს.
“მხარეები ისე ვართ შეთანხმებული, რომ მაქსიმალურად გამოვიყენებთ დღევანდელ დღეს იმისათვის, რომ ეს პროცესი დავასრულოთ. თუ არ გვეყოფა სამუშაო დრო, ასევე შეთანხმებულები ვართ შემდეგ ეტაპზე, ეს არის 27 სექტემბერი, როდესაც უნდა დასრულდეს უკვე საბოლოოდ ამ საქმის არსებითი განხილვა. იმედი გვაქვს, ჩვენ როგორც მოპასუხეებს, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდება, ჩვენ ჩვენს არგუმენტებზე არა ერთხელ გვქონდა საუბარი. არის მნიშვნელოვანი განსხვავებები იმ საქმეს შორის, რომელსაც აწარმოებდა ქიბარ ხალვაში ყარამანიშვილების წინააღმდეგ და ტელეკომპანია “საქართველოს” წინააღმდეგ.
ეს ადამიანები, ვინც უშუალოდ უნდა დაიკითხონ დღეს, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, არიან ბატონი დვალის და ბატონი აქიმიძის ნაცნობები“, – აცხადებს პაატა სალია.