დაკავებული ექიმი გიორგი ახობაძე პატიმრობაში რჩება.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ გიორგი ახობაძის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა. აღნიშნულის არგუმენტად დაასახელეს, რომ ბრალდებული ახობაძის მხრიდან მხრიდან არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის და ასევე, მიმალვის საფრთხე.
თავად ახობაძემ პროცესზე განაცხადა, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და ნარკოტიკი ჩაუდეს.
მან ასევე პროკურორს მიმართა.
“თქვენი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის გამო, გთვლით მკვლელად. თქვენ თქვენი დაუსაბუთებელი და უგრძნობი გადაწყვეტილებით, არ მომეცით საშუალება ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტთან ზუსტად იგივე ნაბიჯები გადამედგა, რაც თითოეულ ჩემს პაციენტს აქვს მიღებული. თქვენ არ მიეცით ქართველ დედას საშუალება, თავისი ცხოვრების ბოლო დღეები გაეტარებინა თავისი შვილის გვერდით, რომელიც არის ექიმი და რომელიც მასზე ზრუნავდა.
მინდა გკითხოთ, ამხანაგო გობეჯიშვილო, თქვენ დედა ხომ გყავთ? დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვუსურვებ, მინდა მიხვიდეთ და ჰკითხოთ დედას, რომ აი, ასეთი კაცს, როგორზეც მე აქამდე ვილაპარაკე, როგორ შეაფასებდა, როგორც პიროვნებას? პასუხს რომ გაგცემთ თქვენი მშობელი, რა კაცია ის ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს გააკეთებს აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანთან, მერე სარკეში ჩაიხედეთ და უბრალოდ ეცადეთ, რომ ეგეთი ადამიანი მეორეჯერ ან უფრო ბევრჯერ თქვენი კარიერის მანძილზე სარკეში არასდროს დაგენახოთ.
თავს დამნაშავედ არ ვცნობ. ეგ რაღაც, რასაც მაბრალებენ, ჩემ ჯიბეში მე არ მომითავსებია, მათ მოათავსეს. ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ვარ და ვმუშაობდი შესაბამისი მიმართულებით, ბოლო ერთ წლამდე, სანამ დედაჩემს დასჭირდებოდა ჩემი მზრუნველობა, ბოლო ერთი წელი ვუვლიდი ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტს”, – განაცხადა ახობაძემ.
2024 წლის 7 დეკემბერს გიორგი ახობაძე საპროტესტო აქციიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც ის პოლიციამ დააკავა.
ახობაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.