spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საზოგადოება “ქართული“ აშშ-ის კონგრესმენებსა და სენატორებს მიმართავს

საზოგადოება “ქართული“ აშშ-ის კონგრესმენებსა და სენატორებს ვრცელი წერილით მიმართავს.

“ქართველ საზოგადოებასაც მოუსმინეთ!

საზოგადოება „ქართულის“ მიმართვა აშშ-ს კონგრესმენებსა და სენატორებს

გასულ თვეს აშშ-ის კონგრესმა საქართველოს „მეგობარი აქტი“განიხილა, ხოლო გასულ კვირას სენატმა საქართველოს საკითხზე იმსჯელა. ამ მოსმენების პათოსმა ქართულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია და არაერთი მწვავე კითხვა დაბადა, რაც გვინდა თქვენამდე მოვიტანოთ დღეს, რუსეთ – საქართველოს ბოლო ომის მე – 16 წლის თავზე.

ამერიკა ზესახელმწიფოა, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს მსოფლიო ისტორიის მიმდინარეობას და რომლის ძლევამოსილების წყარო მხოლოდ სამხედრო, ეკონომიკური და ტექნოლოგიური ძლიერება, ან თავისუფლება და დემოკრატია როდია. ის, რამაც იგი დიადი და პირველი გახადა თანასწორთა შორის, არის „ამერიკული ოცნება“. ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი უილიამ სეფირი აღნიშნავდა, რომ „თუ ამერიკული სისტემა არის ამერიკული პოლიტიკის საყრდენი, ამერიკული ოცნება მისი სულია“.

ჩვენთვის, რუსეთის იმპერიის ოკუპაციის ქვეშ მცხოვრები ხალხებისთვის, ამერიკა იყო თავისუფლების, დემოკრატიისა და სამართლიანობის სიმბოლო. საბჭოთა კავშირის დაშლამ და დამოუკიდებლობის პირველმა წლებმა დაგვიდასტურა, რომ არც შევმცდარვართ. თქვენმა თანადგომამ ბევრი განსაცდელი გადაგვატანინა, აშშ დღესაც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირებას საერთაშორისო არენაზე, რისთვისაც მადლიერები ვართ.

მაგრამ, „ ყველაფერი წარმავალია“ როგორც სოლომონ მეფის ბეჭედზე ამოტვიფრული სიბრძნე გვასწავლის. ჩვენს მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს ბზარი გაუჩნდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რაც დასანანია. ჩვენ არ წარმოვადგენთ ხელისუფლებას, არც ოპოზიციას, არც რომელიმე პარტიას და არც უცხოეთიდან დაფინანსებულ ე.წ. სამოქალაქო სექტორს. თქვენ მხოლოდ ამ უკანასკნელთ უსმენთ, რის გამოც თქვენი წარმოდგენები საქართველოზე შორსაა რეალობისგან. გვინდა, ეს ხარვეზი შევავსოთ და გთხოვოთ, ჩვენც მოგვისმინოთ, როგორც ქართველი საზოგადოების მიუკერძოებელ ნაწილს: ხელოვანებს, მეცნიერებისა და კულტურის მუშაკებს, პროფესორებს, აკადემიკოსებს, მწერლებს, ინჟინრებს, ექიმებს, სპორტსმენებს, მასწავლებლებს, ახალგაზრდებს, ყველა იმათ, ვინც დღეს ვიცავთ წინა თაობების მიერ შექმნილ ჰუმანისტურ ქართულ იდენტობას და ვცდილობთ, პოლიფონიური და ტოლერანტული ქართული მსოფლმხედველობა ახალ დროში მომავალ თაობებს გადავცეთ.

ამიტომაც, თავს უფლებას ვაძლევთ ქართველი საზოგადოების გულისტკივილი გულწრფელად გაგიზიაროთ. დავიწყებთ იმ ყბადაღებული „გამჭვირვალობის კანონით“. ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რატომაა უფრო მკაცრი ამერიკული, კანადური ან ფრანგული (სხვა ქვეყნების რეგულაციებზე რომ არაფერი ვთქვათ) ანალოგიური კანონი – სიკეთე და ქართული-დემოკრატიული უკუსვლა? კანონი, რომელიც ერთადერთს – წელიწადში ერთხელ ანგარიშის დეკლარირებას ითხოვს იმ ორგანიზაციებისგან, რომელთაც უცხო ქვეყნები, მათ შორის,თქვენც აფინანსებთ. თუკი ამ კანონში დასახვეწია რაიმე (ვთქვათ, ტერმინოლოგიური) ასპექტი, მაშინ, რატომ არ მიმდინარეობს თანამშრომლობა ჩვენს ხელისუფლებასთან დახვეწის პროცესისათვის და რატომ ისჯება ქართველი ხალხი და მისი უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება გამჭვირვალობის სრულიად დემოკრატიული კანონისათვის?

თუ არ გინდათ გასაჯაროება იმის, ვინ რისთვის ფინანსდება თქვენსავე სტრატეგიულ მოკავშირე ქვეყანაში, ეს თავისთავად სერიოზული პრობლემაა და ამგვარი ორმაგი სტანდარტები ქართველ საზოგადოებაში დიდ უნდობლობას აჩენს. მეგობრები ასე არ იქცევიან ნამდვილად. ჩვენს ეჭვებს აღრმავებს ისიც, რომ ამგვარად დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ ბარიკადებზე დგანან და ახორციელებენ იმ საქმიანობას, რომელიც მათ თქვენივე კანონმდებლობითა და რეგულაციებით აქვთ აკრძალული.

გამჭვირვალობის შესახებ მართლაც უწყინარი კანონი ვერანაირად ვერ გახდებოდა ჩვენს ქვეყნებს შორის ასეთი მკვეთრი დაპირისპირების მიზეზი. კანონი აქ არაფერ შუაშია და იგი მხოლოდ საბაბია ამ შემთხვევაში, მიზეზები კი ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული ინტერესების აცდენაში უნდა ვეძებოთ. პირდაპირ და ღიად ვიტყვით – ჩვენი აზრით, მთელი პრობლემა იმაშია, რომ საქართველოს მთავრობამ არ დაიწყო ომი რუსეთთან და ამით გეგმები აურია თქვენი ხელისუფლების იმ ნაწილს, რომელიც უკრაინა-რუსეთის ომის ესკალაციითაა დაინტერესებული. ჩანს, მათ ჰგონიათ, რომ ომში საქართველოს ჩართვა სასურველ კორექტივებს შეიტანს მიმდინარე საომარი მოქმედებების არასასურველ სცენარში. სხვა ახსნა უბრალოდ არ აქვს ბოლო თვეებში განხორციელებულ წარმოუდგენელი მასშტაბის, სიხშირისა და ინტენსივობის უსამართლო თავდასხმებს ქართული სახელმწიფოსადმი, არც გამომწვევ, გარე-ჩარევებს ქვეყნის შიდა საქმეებში და არც ღია მხარდაჭერას თქვენს მიერ წახალისებული ოპოზიციისადმი, რომლებიც მზად არიან მეორე ფრონტის გასახსნელად. ასე მხოლოდ ჩვენ არ ვფიქრობთ, იგივე არაერთმა დასავლელმა პოლიტიკოსმა, პოლიტოლოგმა და ჟურნალისტმა აღნიშნა.

დარწმუნებულები ვართ, ბევრმა თქვენგანმა ზუსტად არც კი იცის, სადაა საქართველო და ზოგიერთს იგი ალბათ რუსეთისა და უკრაინის ტოლ ქვეყნად მიაჩნია. არადა, საქართველო სამხრეთ კავკასიის ერთი პატარა და უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა, სადაც დღეს 3 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. ჩვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში რუსეთთან რამდენიმე ომი გადავიტანეთ, რის შედეგადაც, დავკარგეთ ტერიტორიების 22% და დევნილად იქცა ჩვენი მოსახლეობის 15%. უფრო მეტიც, რუსეთის არმია დღეს ქვეყნის დედაქალაქიდან 30 კმ დგას და ნებისმიერი ჩვენი ცდა, დავუპირისპირდეთ საოკუპაციო ძალებს, დასრულდება ჩვენი სახელმწიფოს უსწრაფესი განადგურებით.

ასევე გვინდა ხაზი გავუსვათ გარემოებას, რომ სამხრეთ კავკასია , სადაც ქართველები ოდითგან ვცხოვრობთ, ისტორიულად იყო და დღესაც არის რეგიონული დიდი სახელმწიფოების: თურქეთის, რუსეთის და ირანის ინტერესების არეალი. მით უფრო დღეს, რეგიონში არსებული ფეთქებადსაშიში ვითარების გამო.

სამწუხაროდ, ჩვენ არ გვიცავს ნატოს ქოლგა, არც არავინაა დამხმარე ჩვენი თავის გარდა და ნუ გიკვირთ, რომ სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის გამოცდილებამ გამორჩეული სიფრთხილე გვასწავლა და არ გვინდა დიდ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე შესაწირი პაიკი აღმოვჩნდეთ.

ბუნებრივია, თქვენ არ ხართ ვალდებულები, შორეული საქართველოს პრობლემებში ერკვეოდეთ, მაგრამ, დარწმუნებულები ვართ, თქვენმა შესაბამისმა ინსტიტუტებმა და ექსპერტებმა კარგად იციან ჩვენს მიერ აღწერილი რეალობა. მაშინ რა გამოდის? – ყველამ იცის, რომ ომი რუსეთთან საქართველოს სახელმწიფოს განადგურებით დასრულდება და მაინც გვიბიძგებენ აქეთკენ? არ გვინდა ვიფიქროთ, რომ გარკვეულმა ძალებმა მიზნად დაისახეს საქართველოს გაწირვის ხარჯზე პატარა შვება მისცენ უკრაინის არმიას, მაგრამ ფაქტი ჯიუტია.

ჩვენ ასევე გვაშფოთებს საქართველოს ხელისუფლებების გარედან შეცვლისა და ქვეყნის საელჩოებიდან მართვის აშკარა და ღია მცდელოებები დასავლეთის ქვეყნების მხრიდან. რუსული ოკუპაციური მმართველობა 30 წელია მოვიშორეთ. ჩვენ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, თავისუფლება და თანასწორობაზე, მეგობრობაზე დამყარებული საერთაშორისო პარტნიორობა გვინდა. მთავრობებს ხალხი ირჩევს და ცვლის და არა საელჩოები, ამაზე უნდა შევთანხმდეთ, თუ გვინდა მეგობრობა. კიდევ ერთი, თუ სტარტეგიული მოკავშირეები ვართ, რატომ არ არის ჩვენს ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი ფრენები და რატომ არ დებენ ამერიკული კომპანიები ინვესტიციებს ჩვენს ქვეყანაში? ამ საკითხების მოგვარებაზე ზრუნვა ხომ არ იქნებოდა ნამდვილი „მეგობარი აქტი“ და არა სანქციები და საგანმანათლებლო, სამედიცინო და თავდაცვის პროგრამების შეჩერება ქართველი ხალხისთვის?!

კარგი იქნება, თუკი ამერიკის ელჩი და საელჩო საქართველოში, ითანამშრომლებს ჩვენთანაც – საზოგადოებისა და კულტურის იმ წარმომადგენლებთან, რომლებსაც, შესაძლოა, ელჩისა და თქვენი ამჟამინდელი ქართული პოლიტიკისაგან განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, მაგრამ, ზუსტად ვიცით, ერთი მხრივ – რა სურს ეროვნული კულტურისა და სულიერების შენარჩუნებისათვის თავდადებული ქართველი ერის უმრავლესობას და, მეორე მხრივ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს დიალოგსა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ მეგობრობას დიდ ამერიკულ სახელმწიფოსთან. მეგობრობა მხოლოდ სასურველი ფრაზების მოსმენა არაა. მეგობრობა დიალოგი და ურთიერთმსახურებაა, პარტნიორობაა, რომელიც სიკეთისა და ჰარმონიის, ალტრუიზმის პრინციპებზე დგას. მეგობრობას არ გააჩნია ალტერნატივა და ეს ჩვენმა დიდმა კლასიკოსმა, შოთა რუსთაველმა გვასწავლა და აქცია ქართული სულის კოდად.

ლეგენდის თანახმად, სოლომონ მეფის ბეჭედზე მეორე წარწერაც ყოფილა: „ესეც წარმავალია“. იმედია, რუსეთ-უკრაინის ომი მალე დასრულდება, მიმდინარე ვიწრო პოლიტიკური ინტერესები კი ისტორიას ჩაბარდება და, ამის კვალობაზე, ჩვენი ურთიერთობებიც სასიკეთოდ შეიცვლება. მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა მაგალითია მსოფლიოს ხალხებისთვის და არ გვგონია, ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერისადმი უსამართლო მოპყრობამ რამე შესძინოს ამერიკას, ვნებით კი ავნებს, რადგანაც ამერიკული ძლევამოსილება სწორედ რომ თანასწორობასა და „ამერიკულ ოცნებაზე“ დგას და მისი სულის მოკვლით გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებთ მის ძლიერებას“,-ნათქვამია წერილში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები