ვენა: 2011 წელს სეიჰან მუზაევი საუდის არაბეთში, ერ-რიადში ისლამური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ თბილისში ჩავიდა და საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. მუზაევის ახლობლები, რომლებიც ჩეჩნეთში ცხოვრობენ, შიშობდნენ, რომ მის სასულიერო განათლებას შესაძლოა, ჩეჩენი ძალოვანების ინტერესი გამოეწვია. საუდის არაბეთისა და ეგვიპტის ისლამური უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს ჩეჩნეთში არსანდო ხალხად მიიჩნევენ.
ორი წლის შემდეგ მუზაევმა ქართული პასპორტი მიიღო, 2012 წელს კი საქართველოს დევნილთა სამინისტროში არაბული ენის თარჯიმნად დაიწყო მუშაობა. 2013 წლის ოქტომბერში ის საქართველოს შსს-ს კონტრდაზვერვაში დაიბარეს.
მუზაევის თქმით, ქართული დაზვერვის თანამშრომლები მისგან მუქარით 2012 წლის ლაფანყურის სპეცოპერაციაზე არასწორი ჩვენების მიცემას მოითხოვდნენ. მაშინ სპეცოპერაციას ჩეჩნური დაჯგუფების 11 წევრი და სამი ქართველი სპეცრაზმელის სიცოცხლე შეეწირა.
ამის შესახებ Front News-ის კორესპოდენტს მუზაევი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ესაუბრა.
– რა მოხდა რეალურად ლაფანყურში? რა იყო საზღვარზე ამ სპეცოპერაციის ჩატარების მიზეზი და რა გეგმები ჰქონდა რუსეთს?
– თავდაპირველად ჩვენ არ ვიყავით საქმის კურსში, შემდეგ ყველაფრის მოწმე გავხდი. როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, ეს იყო რუსული სპეცსამსახურების მიერ მოწყობილი პროვოკაცია, რათა ეჩვენებინათ როგორი “ცუდია” სააკაშვილი. ეს იყო რუსული სპეცსამსახურების მიზანი, რომელიც სხვათაშორის, წარმატებით განახორციელეს არჩევნების წინ.
– ეს მხოლოდ სააკაშვილის მოსაშორებლად არსებული გეგმა იყო, თუ არსებობდა სხვა მიზანიც?
– იმ მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე დაღესტნის მთებში თითქოსდა რაღაც სწავლება ტარდებოდა. ახლა ჩვენ უკვე ვიცით, როცა რაღაც სწავლება ტარდება, მის უკან სხვა რა მოქმედებაც დგას აუცილებლად. სავარუდოდ, ეს სპეცოპერაცია ჩატარდა იმიტომ, რომ გარკვეულ ჯგუფს საზღვარი უნდა გადაეკვეთა და შემდეგ რუსულ სპეცსამსახურებს ჰქონოდათ მიზეზი, გადაჰყოლოდნენ საზღვარზე.
– რუსული სპეცსამსახურების ეს ქმედება იყო თუ არა მიმართული ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით სააკაშვილის დისკრედიტაციისკენ?
– მე ამის მტკიცებას ვერ დავიწყებ, მაგრამ იყო პირდაპირი კავშირი, რუსულ სპეცსამსახურებს არ სძინავთ, ეს იყო ერთი ვარიანტი, რომელიც “ათიანში” გაარტყეს. ეს იყო სწორედ არჩევნების წინ. სააკაშვილს არჩევნების წინ არანაირი ოპერაცია არ სჭირდებოდა.
ვალერი ზუმბაძე, რომელიც მე პირადად მოკვლით და “გაქრობით” მემუქრებოდა, რომელსაც ვუჩივლე, თუმცა საქმე სასამართლომდე ვერაფრით მივიყვანე, იმ დროს ერთ-ერთი რიგითი ჩინოვნიკი იყო, ამ ოპერაციის შემდეგ კი კონტრდაზვერვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების უფროსი გახდა. ეს ადამიანი დააწინაურეს რაღაც კონკრეტული დავალების შესრულების შემდეგ.
– ფიქრობთ, რომ ზუმბაძე შესაძლოა, რუსულ სპეცსამსახურებზე მუშაობდა?
– ქართული სპეცსამსახურები რუსულ სპეცსამსახურებთან პირდაპირ არ თანამშრომლობენ, თუმცა რაღაც არხებით ინფორმაციებს ცვლიან და ეს მე ზუსტად ვიცი.
– დღემდე უცნობია დეტალები, როგორ აღმოჩნდა შეიარაღებული დაჯგუფება ლოპოტას ხეობაში. შეგიძლიათ, დეტალები გვიამბოთ?
– მე დეტალები არ ვიცი, არც საგამოძიებო ჯგუფის წევრი ვყოფილვარ, მე ვიყავი თარჯიმანი. ორჯერ არჩევნების წინ ეს თემა წამოიწია მედიაში და კეთდება აქცენტი, რომ ამ ყველაფრის უკან “ნაციონალური მოძრაობა” იდგა. ასეთი ანტირეკლამის წყალობით ამ პარტიამ ორივე არჩევნები წააგო.
– იქნებ, არაოფიციალური ვერსია მოგისმენიათ იმის შესახებ, როგორ აღმოჩნდა დაჯგუფება ლოპოტას ხეობაში?
– ოფიციალურად ისინი ჩავიდნენ როგორც ტურისტები ზაფხულში, მაგრამ როგორ აღმოჩნდა იარაღი მათ ხელში, უცნობია, ისინი კბილებამდე შეიარაღებული იყვნენ. 3-4 წლის შემდეგ შეიძლება ყველაფრის გაანალიზება და ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. სავარაუდოდ, ეს იყო მესამე მხარე, რომელმაც მოაზამდა ეს სპეცოპერაცია, მიაწოდა იარაღი, მაგრამ ამის მტკიცება არ შემიძლია, რადგან არავის გამოუძიებია ბოლომდე, ყველაფერი იციან, თუმცა არაფერს ამბობენ.
– ავსტრიაში, ევროპული სასამართლოს წინაშე, ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ჩეჩენმა მებრძოლმა იბრაგიმოვმა მისცა ჩვენება და თქვა, რომ ის იყო ჩანერგილი აგენტი, ასრულებდა ფსბ-ს დავალებებს და პირადად იღებდა ამ დავალებებს კადიროვისგან. თქვენ რა დავალებებს იღებდით და ვისგან?
– მე არანაირი დავალებებს არ ვიღებდი. ამ სიტუაციაში ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ჩამრთეს. მე იქ ვიყავი როგორც არაბული ენის თარჯიმანი. ამ მოვლენებიდან 1,5 წლის შემდეგ ქართული სპეცსამსახურები დამიკავშირდნენ და მომთხოვეს თანამშრომლობა და სასამართლოზე მათი ნების გამოხატვა, მე მათაც ვუთხარი და ახლაც ვამბობ, არც სპეცოპერაციამდე, არც იმ მოვლენების დროს და არც შემდეგ არ ვთანამშრომლობდი და არ ვაპირებ ვითანამშრომლო სპეცსამსახურებთან.
– ქართულ სპეცსამსახურებს სურდათ, მათი ვერსია გაგეხმოვანებით და თქვენს თავზე რაღაც პასუხისმგებლობა აგეღოთ?
– 2013 წლის ბოლოს, როცა წელიწადზე მეტი იყო გასული იყო იმ მოვლენებიდან, მე დამიბარეს, ვერ გავერკვიე, ვინ იყო ის. არაოფიციალური საუბრის შემდეგაც კი ვერ გავიგე ვის ვესაუბრებოდი. ისინი ჩემს შესახებ ყვებოდნენ, შემომთავაზეს თანამშრომლობა, 5-საათიანი საუბრის შემდეგ. ჩემი აზრით, ეს იყო გამაფრთხილებელი საუბარი. მათ შემომთავაზეს შს მინისტრის ყოფილი მოადგილის ლორთქიფანიძის შესახებ ცრუ ჩვენება მიმეცა.
– რა სურდათ კონკრეტულად?
– მათ პირდაპირ მითხრეს: “იცი და ამტკიცებ, რომ ეს ოპერაცია თავიდან ბოლომდე გია ლორთქიფანიძის ორგანიზებული იყო”. მე ვუპასუხე, რომ არ ვიცოდი და ცხოვრებაში არც არასოდეს მინახავს. შემდეგ ვიკითხე, ჰქონდათ თუ არა პირადად ჩემთან რაიმე პრეტენზიები და რას ითხოვდნენ ჩემგან. თავდაპირველად ისინი “ლამაზად” საუბრობდნენ, მთავაზობდნენ ბინას, ოქროს მთებს მპირდებოდნენ, მე კატეგორიული უარი ვთქვი ყველაფერზე, რადგან ვიცი რა არის სპეცსამსახურები, მითუმეტეს საქართველოში მე ვიყავი დევნილი, ჩავედი, რათა მეცხოვრა მშვიდად და ბავშვები გამეზარდა, მაგრამ ეს ის საქართველო აღარ იყო. ახლა იქ სრული ქაოსია. ჩემი უარის შემდეგ მოკვლით და “გაქრობით” დამემუქრნენ, ეს არ იყო ფუჭი მუქარა, მე ვიცნობდი ხალხს, რომლებიც “გააქრეს”.
– კონკრეტულად ვინ “მოიშორეს”?
– მოიშორეს მაგომედ მაგომედოვი, როდესაც მე დევნილთა სამინისტროში ვმუშაობდი, რამდენჯერმე შევხდი მას. ის დაღესტნიდან დევნილი იყო. მიიღო სტატუსი. ის მოიშორეს. ერთი აზერბაიჯანელიც მოიშორეს, კიდევ ერთი ჩეჩენი “იჩქერიის” წარმომადგენელი.
– რა მიზეზით გაუჩინარდნენ?
– არ ვიცი. შემიძლია მაგომედ მაგომედოვზე გითხრათ, როგორც თავად აღიარებდა, ის მონაწილეობდა სხვადასხვა საქმეებში. მან მიიღო დევნილის სტატუსი, გამოიყენეს და შემდეგ უბრალოდ მოიშორეს. დღემდე არავინ იცის, სად არის ის.
– მაშინ გავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაჯგუფების წევრები რუსი ისლამისტები იყვნენ, შემდეგ ითქვა, რომ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს წარმოადგენდნენ, ვინ იყვნენ ისინი რეალურად? ასრულებდნენ თუ არა რუსული მხარის დავალებებს?
– არ შემიძლია იმის მტკიცება, რომ ისინი იყვნენ რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში, მაგრამ ორგანიზატორებიდან მინიმუმ ორი ადამინი აჰმედ ჩატაევი და იბრაგიმოვი ჩემს გადაბირებას ცდილობდნენ, განსაკუთრებით იბრაგიმოვი. მე მის სასამართლოზე ვენაში ორჯერ ვიყავი. მან ბევრი რამ თქვა სასამართლოზე, ჩატაევი კი საქართველოს სპეცსამსახურებმა რატომღაც გაუშვეს, ეს უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში მოხდა.
– თქვენი ინფორმაციით, რა კავშირი ჰქონდათ საქართველოს შსს-ს მაშინდელ მაღალჩინოსნებს დაჯგუფებასთან? რადგან კეთდებოდა განცხადებები, რომ ადამიანებმა, რომლებიც სპეცოპერაციის შემდეგ გადარჩნენ, საქართველოს შსს-ს მაღალჩინოსნების დახმარებით დატოვეს. შეესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს? რუსეთის მიერ დაგეგმილ პროვოკაციაში მონაწილეებთან რა კავშირი ჰქონდა საქართველოს შსს-ს?
– მე შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ ეს ადამიანები, რომლებიც იქ იყვნენ, საიდუმლო გზით აღმოჩნდნენ ევროპაში, ნაწილი თურქეთში. ეს ფაქტია, მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ ჩატაევი გაათავისუფლა, ახალი ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ის წინამორბედმა ხელისუფლებამ გაუშვა.