ახლა არის ყველაზე გადამწყვეტი მომენტი. ეს არის სისტემა, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, ბოლო თვეებს ითვლის და ასეთ დროს აგონიაში მყოფი სისტემა ძალიან მძიმედ ექცევა ყველას, ვინც მის წინააღმდეგ წავა, – ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრის GRASS-ის დამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანას საგარეო კურსი შეუცვალა.
“ახლა არის მართლა ყველაზე გადამწყვეტი მომენტი, ალბათ, ჩვენს ისტორიაში, რაც კი ყოფილა. ქვეყანამ, ერთი მხრივ, საგარეო კურსი შეიცვალა. არანაირ გზაჯვარედინზე ჩვენ აღარ ვართ, “ქართულმა ოცნებამ” უკვე აირჩია არაევროპული გზა.
ხმამაღლა ამაზე საუბარი, მე მგონია, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ვისაც როგორ შეუძლია თავისი წვლილი უნდა შეიტანოს საქართველოს შებრუნებული კურსის შეჩერებაში. თუ შენ სახელმწიფოს ემსახურები, მაშინ კონსტიტუციით განსაზღვრული ვალდებულება გაქვს, ეს ვალდებულება არ არის პარტიის სამსახური, ეს არის ქვეყნის სამსახური.
რა თქმა უნდა, რთულია ასეთ დროს სისტემის წინააღმდეგ წასვლა. ეს არის სისტემა, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, ბოლო თვეებს ითვლის და ასეთ დროს აგონიაში მყოფი სისტემა ძალიან მძიმედ ექცევა ყველას, ვინც მის წინააღმდეგ წავა”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.