ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით არის განსაზღვრული ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია და იმ ადამიანებს, რომლებსაც პრეზიდენტმა მიმართა, პირდაპირ ევალებათ, რომ ყველაფერი გააკეთონ კონსტიტუციისთვის, – ამის შესახებ CRASS-ის თანადამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანა არის გზაჯვარედინზე და ამათმა გადაიყვანეს რელსებზე, ყველამ უნდა მიიღოს დროული და სწორი გადაწყვეტილება.
“ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით არის განსაზღვრული ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია და იმ ადამიანებს, რომლებსაც პრეზიდენტმა მიმართა, პირდაპირ ევალებათ, რომ ყველაფერი გააკეთონ კონსტიტუციისთვის. დღეს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი, რითაც გამოვიდა კონსტიტუციური ჩარჩოდან, პირდაპირ ეთერში, 6 საათზე დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუცია, ამის მერე, მიმართვაც არ უნდა სჭირდებოდეს არავის, ეს არის ყველას მოვალეობა, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მომავალი. აქ საუბარი აღარ არის იმაზე, ვიღაცას მხარს ვუჭერ, მომწონს, არ მომწონს, ამაზე უფრო გადამწყვეტი მომენტი არ დადგება. ივანიშვილმა პირდაპირ გვითხრა, რომ აღარ უნდა ევროკავშირისკენ სვლა, სხვა ბრიყვულ ბოდვებს აზრი აღარ აქვს. ჩვენზეა ყველაფერი დამოკიდებული, არ აქვს ფორმას მნიშვნელობა, როგორ გავაპროტესტებთ… გამოვა 100 000 ადამიანი? დასრულდება „ქართული ოცნება“! არ გამოვა? გაგრძელდება ის, რაც ახლა ხდება. ასე მარტივად დგას საკითხი და რა თქმა უნდა, ის ადამიანები, ვისაც პასუხისმგებლობა აქვს აღებული, ფიცი აქვს დადებული ამ ქვეყნის ერთგულებაზე, ვისაც პირდაპირ სამსახურებრივი მოვალეობა აქვს, იმას ორმაგი პასუხისმგებლობა აკისრია. მე მესმის, რომ ივანიშვილმა ამ ხნის განმავლობაში შექმნა ისეთი სისტემა, რომელშიც დაიმონა ეს ხალხი ელემენტარული ხელფასით და ყველაფერზე ხელს აწერინებს. ქვეყანა არის გზაჯვარედინზე და ამათმა გადაიყვანეს რელსებზე, ყველამ უნდა მიიღოს დროული და სწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.