როგორც ჩანს, “ქართულ ოცნებაში” ივნისის ბოლოს თავიანთი “მტრების” წინააღმდეგ ახალი კამპანიის დაწყებას გეგმავენ, – ამის შესახებ Front News-ს პოლიტიკის ანალიტიკოსმა სერგი კაპანაძემ განუცხადა.
მისი თქმით, პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება, რომ საქართველო კანდიდატი წევრის სტატუსს თუ ვერ მიიღებს, ის „ყველაფერს ფარდას ახდის“, “ქართული ოცნების” იმ „ნარატივში“ ჯდება, რომლის თანახმად, დასავლეთი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს.
“ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი სინამდვილეში რომ არაფერს ნიშნავს და ეს ყველაფერი გაბერა ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ, მათვე მერე ბრიუსელს ცუდი ამბები უთხრეს და იქ ცდილობენ, რომ არ მივიღოთ ეს სტატუსი, რომ აქ არეულობა იყოს, შეიცვალოს ხელისუფლება და საქართველო ჩაერთოს ომში, ამ ნარატივში ჯდება პრემიერის დღევანდელი განცხადება. როგორც ჩანს, ივნისის ბოლოს აპირებენ რაღაც ახალი კამპანიის დაწყებას თავიანთი “მტრების“ წინააღმდეგ როგორც თვითონ მიაჩნიათ. ამას აპირებენ ისე, რომ კიდევ ვიღაცები დაიჭირონ და დემონიზება მოახდინონ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.