ომი ხანგრძლივი იქნება, რუსეთი უნდა დამარცხდეს ამ ომში, შესაბამისად, ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება, – ამის შესახებ Front News-ს “რეფორმების ასოციაციის – GRASS”-ის დამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ განუცხადა.
მისი თქმით, უკრაინას შეიარაღება არ მოაკლდება, შესაბამისად, რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს.
“ომი ხანგრძლივი იქნება, ეს ომი არ მორჩება ერთ და ორ კვირაში. თვითონ უკრაინელებიც ამბობენ, რომ ეს არ არის რამდენიმე კვირის ამბავი, რადგან რუსეთმა გადაწყვიტა მთელი თავისი სამხედრო ძლიერებით შეუტიოს მეზობელ ქვეყანას. რუსეთი უნდა დამარცხდეს ამ ომში, შესაბამისად, რუსეთის დამარცხება ხანგრძლივი პროცესი იქნება. უკრაინას ადამიანური რესურსი სანამ ეყოფა, ტექნიკა და შეიარაღება არ მოკლდება, ამიტომაც ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს ფიზიკურად, იმდენად დიდ კედელს დაეტაკა“, – განაცხადა კაპანაძემ.
მისი თქმით, აშშ-ის მიერ „ლენდ-ლიზის“ მიღებას არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ დიდი მნიშვნელობა აქვს.
“ლენდ-ლიზი, როგორც წესი, არის ომში მყოფი ქვეყნისათვის აშშ-ის დახმარების გამარტივება. მას აქვს დიდი პრაქტიკული და კიდევ უფრო დიდი სიმბოლური მნიშვნელობა. სიმბოლური იმიტომ რომ ამით ამერიკა აცხადებს, რომ გვერდით უდგას ომში მყოფ ქვეყანას სამხედრო კუთხით, პრაქტიკული კი იმიტომ რომ საშუალებას აძლევს პრეზიდენტს გამარტივებულად მიაწოდოს დახმარება, უფრო ნაკლები ჩართულობა იყოს კონგრესის მხრიდან და უფრო სწრაფად იმოქმედოს. ეს უმარტივებს ამერიკას, გაცილებით ბევრი იარაღი მიაწოდოს უკრაინას“,- განაცხადა კაპანაძემ.