მსოფლიო კვლავ აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების მოლაპარაკების მოლოდინშია. 28 თებერვალს, ოვალურ კაბინეტში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინისა და აშშ-ის გუნდებმა განაახლეს მუშაობა მშვიდობის მისაღწევად. მას იმედი აქვს, რომ მომავალ კვირას მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება.
ბრიუსელში კი საგანგებო სამიტზე შეკრებილი ლიდერების განცხადებით, ევროპის თავდაცვა და უსაფრთხოება უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების გარეშე არ განიხილება. ანტონიო კოშტამ უკრაინის პრეზიდენტს უთხრა, რომ ევროპა ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევაში, უკრაინას მარტო არ დატოვებს.
როგორ შეიძლება უკრაინის ომის ირგვლივ მოვლენები განვითარდეს, რის მიღწევას შეძლებს ევროპა უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, იქნება თუ არა მათი ადგილი სამშვიდობო მოლაპარაკებებში გამოყოფილი? ამ და სხვა საკითხებზე Front News-სთან ინტერვიუში “საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ხელმძღვანელი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი სერგი კაპანაძე საუბრობს.
– ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მან უკრაინის პრეზიდენტისგან, ვოლოდიმირ ზელენსკისგან მნიშვნელოვანი წერილი მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინა მზადაა, დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას რაც შეიძლება მალე და ხელი მოაწეროს წიაღისეულზე შეთანხმებას. რატომ შეცვალა ზელენსკიმ პოზიცია და როგორ ფიქრობთ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, როგორც უკრაინის პრეზიდენტი ამბობდა, უნდა მოეწეროს თუ არა ამ ხელშეკრულებას ხელი?
– როგორც ჩანს, გამოიკვეთა, რა განსხვავებები იყო უკრაინის და აშშ-ის პრეზიდენტების მიდგომებს შორის. კერძოდ, ტრამპის პოზიცია იყო, რომ ამ ეტაპზე მთავარი იყო ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და მინერალების შეთანხმების გაფორმება, რაც უზრუნველყოფდა ამერიკის ინტერესების გამოკვეთას უკრაინაში. ზელენსკი, თავიდანვე ჩანდა, რომ ამ მიდგომას არ ეწინააღმდეგებოდა, თუმცა მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო უფრო ფართო სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც უნდა გულისხმობდეს უსაფრთხოების სერიოზულ გარანტიებს, რადგან მას აქვს ლეგიტიმური კითხვები იმასთან დაკავშირებით, რამდენად შეიძლება ენდო პუტინს, რომელმაც წარსულში ცეცხლის შეწყვეტის ბევრი შეთანხმება დაარღვია.
სწორედ ამ უთანხმოების გამო მოხდა, როგორც ჩანს, თეთრ სახლში შელაპარაკება, რაც ყველამ ვნახეთ და რამაც არ დატოვა კარგი შთაბეჭდილება.
საბოლოო ჯამში, ისიც გამოჩნდა, რომ პრინციპულ საკითხებზე, ანუ, იმაზე, რომ მართლა უნდა იყოს დიდი შეთანხმება და რომ ამერიკა-უკრაინას შორის მინერალების შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, მზადყოფნა ორივე მხარეს ჰქონდა. შესაბამისად, კარგია, რომ ის პიროვნული გაუგებრობა, რამაც მედიასთან იჩინა თავი, ახლა დაძლეულია. ზელენსკი კარგად მოიქცა, როდესაც მსოფლიოს და უკრაინელ ხალხს აჩვენა, რომ არ აპირებს დათმოს უკრაინის პოზიციები. ის ასევე კარგად მოიქცა, როდესაც ტრამპს რამდენიმე დღის შემდეგ კიდევ ერთხელ დაუდასტურა საჯარო ტვიტით და წერილით, რომ მზად არის დაუბრუნდეს მინერალების შეთანხმებას და ხელი მოაწეროს ცეცხლის შეწყვეტას. საბოლოო ჯამში ეს შეთანხმება ნამდვილად შეიძლება იყოს პირველი სერიოზული ნაბიჯი უფრო დიდი სამშვიდობო შეთანხმებისკენ.
– ოვალურ კაბინეტში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, ტრამპმა 4 მარტს გასცა ბრძანება უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტის შესახებ, თუმცა ახლა მას არ უთქვამს შეცვლის თუ არა ამ პოზიციას. ფიქრობთ, რომ ეს ბერკეტი მან ზელენსკიზე ზეწოლისთვის გამოიყენა და ამას გააგრძელებს?
– ვფიქრობ ეს მხოლოდ ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო, რომელიც ბერკეტის მიზნით იქნა გამოყენებული. არა მგონია, ეს იყოს სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის დასუსტებას და რუსეთისთვის ჩაბარებას და უკრაინის დამარცხების უზრუნველყოფას. ისედაც, დღეს უკრაინა საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ ასეთმა გადაწყვეტილებებმა ფუნდამენტური გავლენა მოახდინოს ომის კურსზე. ჩვენ გვახსოვს, რომ ადრეც, 6 თვე მაინც უკრაინას ამერიკის მხრიდან სამხედრო დახმარება შეწყვეტილი ჰქონდა. იმედია, მალე ვნახავთ, რომ სტრატეგიულად არაფერი შეცვლილა და ამ ეტაპზე ეს განცხადება მხოლოდ ტაქტიკური მიზნით გაკეთდა.
– ტრამპი ასევე ამბობს, რომ ევროპელი სამშვიდობოების განლაგება ფრონტის ხაზზე არ მოხდება, რადგან ისინი საკუთარი თავისთვის იღვწიან. როგორ ფიქრობთ, ამ ფონზე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, არის თუ არა ბუნდოვანი? როგორ წარმოგიდგენიათ ეს პროცესი?
– ჩემი აზრით, ტრამპის განცხადებების მხოლოდ ვერბალური ნაწილის შეფასება არ არის სწორი, რადგან საბოლოო ჯამში მაინც ის არის უფრო მნიშვნელოვანი, რეალურად რა მოხდება. ამ ეტაპზე ჩანს, რომ მინიმუმ საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და თურქეთი მზად არიან, რომ უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ყოფნა გააჩინონ. თუ ამას ამერიკის ეკონომიკური ინტერესებიც და ასევე ამ ინტერესების უზრუნველყოფის სამხედრო, ან უსაფრთხოების კომპონენტიც დაემატება, შეიძლება მართლა მივიღოთ უფრო მშვიდობიანი უკრაინა და რუსეთის ჩავარდნილი მიზანი, რომ უკრაინა დაიპყროს, იქ ხელისუფლება შეცვალოს და ე.წ. დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია მოახდინოს.
– ევროპა ცეცხლის შეწყვეტის პროცესში საკუთარი ადგილის მიღებას ითხოვს. როგორც ცნობილი ხდება ევროკავშირი აპირებს უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული სამწლიანი ომის დასრულებასთან დაკავშირებით სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას. თუმცა ტრამპი ევროპის როლს მოლაპარაკებებში კვლავ აიგნორებს. როგორი იქნება ევროპის მონაწილეობა ცეცხლის შეწყვეტის პროცესში?
– მე არ მგონია, რომ ტრამპი ევროპის როლის ნიველირებას ცდილობს. ამ ეტაპზე ტრამპის ამოცანაა, რომ თავად იყოს წამყვანი მედიატორი რუსეთს და უკრაინას შორის. ფაქტია, რომ დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის როლზე ამ კონფლიქტში ტრამპი ესაუბრა როგორც მაკრონს, ისე სტარმერს. შესაბამისად, მხოლოდ სპორადული ცალკე აღებული განცხადებები არა მგონია, რომ უნდა გამოვიყენოთ ამერიკის კონკრეტული ინტერესების შესაფასებლად და გასაანალიზებლად. მალე ვნახავთ, რა როლი ექნება ევროპას და კონკრეტულად ევროპის შეიარაღებულ ძალებს, თუ გაზრდილ თავდაცვისუნარიანობას. ასევე, ძალიან კარგია, რომ ევროპა თავადაც აღიარებს, რომ გაცილებით მეტი რესურსის ჩადებაა საჭირო მის თავდაცვისუნარიანობაში. ევროკავშირის ახალი ინიციატივა ევროპის თავიდან შეიარაღების შესახებ და ბოლო დღეებში მიღებული გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ ისინი გაცილებით უფრო სერიოზულად აპირებენ მოეკიდონ თავიანთ და უკრაინის თავდაცვას.
– ჩვენ ასევე ვიხილეთ 2 მარტს ლონდონის სამიტი, სადაც ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპის გადაიარაღების 5 პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპა ტრამპმა გამოაფხიზლა და შეძლებენ თუ არა საკუთარი უსაფრთხოებისთვის ახალი ბლოკის შექმნას? როგორც ილონ მასკმა თქვა, ამერიკამ უნდა დატოვოს ნატოც და გაეროც.
– კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპა გამოფხიზლების გზაზეა. ამაზე მეტყველებს, არა მხოლოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული ნაბიჯები, რომ გაიზარდოს თავდაცვის დაფინანსება და დანახარჯები, ასევე სამხედრო შესაძლებლობები და უკრაინის თავდაცვის დახმარება. ეს ყველაფერი, გარკვეულწილად ტრამპის დამსახურებაც არის. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გაკეთება უკეთესადაც, ასეთი კონფრონტაციის ჩვენების გარეშეც იყო შესაძლებელი. ფაქტია, რომ 6 მარტის სამიტის შემდეგ და ევროკავშირის გადაწყვეტილების შემდეგ, რომ შეიარაღებაში დანახარჯები გაზარდოს და 800 მილიარდი ევრო გამოყოს ამ მიზნისთვის, ევროკავშირი ის აღარ არის, რაც აქამდე იყო.
– მოლაპარაკების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანია რუსეთის პოზიცია. ტრამპი როგორც ამბობს, ის ცდილობს პუტინის მოლაპარაკების მაგიდამდე მიყვანას. ხოლო ეს ექსკლუზიურად მხოლოდ მას შეუძლია. როგორ ფიქრობთ, რეალურად აქვს თუ არა მას ეს კოზირი და პირიქით, როგორც ანალიტიკოსების ნაწილს მიაჩნია, თავად პუტინი ცდილობს ტრამპის გადაბირებას…
– ფაქტია, რომ თუ ვინმეს შეუძლია დღეს პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანა, ეს ტრამპია. რამდენად სწორი სტრატეგიაა ის, რომ ჯერ ზელენსკიზე ჰქონოდა წნეხი და შემდეგ პუტინთან ყოფილიყო საუბარი, ამას დრო გვაჩვენებს. შეიძლება ეს სტრატეგია მცდარი აღმოჩნდეს, როდესაც გამოჩნდება, რომ პუტინს არ სურს დათმობების გაკეთება. თუ ეს ასე მოხდა, არ არის გამორიცხული, რომ ტრამპმა ზეწოლა რუსეთზეც განახორციელოს. ასევე არ გამოვრიცხავ იმ ჰიპოთეზას, რომ ტრამპი ცდილობს დასუსტებული რუსეთი შემოაბრუნოს დასავლეთისკენ და ჩინეთის წინააღმდეგ გამოიყენოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ტრამპის ამ მცდელობების უკან რა მოტივაციაა და რის მიღწევას ცდილობს, გამოჩნდება მაშინ, როდესაც უკრაინის ირგვლივ შეთანხმება შედგება, ან ჩავარდება. უფრო სწორად, მას შემდეგ, რაც შეთანხმების დეტალები გაირკვევა და მხარეები მას ხელს მოაწერენ, ან ჩააგდებენ, ვაშინგტონს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება უკრაინის დახმარება გააგრძელოს, თუ არა და ხელი შეუწყოს თუ არა რუსეთის გამარჯვებას ომში.
– რას დათმობს კრემლი, რაზე იქნება თანახმა? პუტინმა კონსტიტუციაში უკრაინის 4 რეგიონი უკვე რუსეთის საკუთრებად გააფორმა. ფიქრობთ, რომ უკრაინას მისი დათმობა მოუწევს, თუკი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა? ეს არ იქნება კაპიტულაცია?
– ამ ეტაპზე რთული სათქმელია, რას დათმობს კრემლი. თუმცა, ერთი ფაქტია, რომ თუ კრემლმა არ დათმო, შეთანხმება არ შედგება. შეუძლებელია, რომ უკრაინა დაეთანხმოს კაპიტულაციას. ის ამისთვის საკმარისად ძლიერია და საკმარისი მხარდაჭერის იმედი აქვს ევროპისგან. ამასთან, თუ რუსეთმა არ დათმო არაფერი, მაშინ ეს ნიშნავს, რომ მას სურს ომის გაგრძელება. ეს მომენტი შეიძლება იყოს ყველაზე დიდი გამოცდა ტრამპის პრეზიდენტობისთვის, რადგან მას მთელი თავისი წინასაარჩევნო საგარეო პოლიტიკური ხედვა ომის დასრულებაზე ჰქონდა აგებული. თუ ეს დანაპირები ჩავარდება მოსკოვის გამო და იმის გამო, რომ პუტინს დათმობები არ სურს, მაშინ მას მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა.
ელზა პაპოშვილი