ონის მერი სერგი ხიდეშელი აცხადებს, რომ კურორტ შოვში მოსახლეობასთან მიახლოება ამ დროისთვის ვერ ხერხდება და მათ დასახმარებლად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებს ელოდებიან.
ხიდეშელის თქმით, მეწყრული პროცესი მთაში 2 მდინარის დაგუბების შედეგად განვითარდა და დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია, ამ ეტაპზე არ აქვთ.
ონის მერის თქმით, სამაშველო სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად მიემართება შემთხვევის ადგილისკენ, თუმცა ადგილამდე მისვლა რთულია, რადგან ხიდი, რომელიც ორ ქედს ერთმანეთთან აკავშირებდა, მდინარემ წაიღო.
“ონის მუნიციპალიტეტში კურორტი შოვის ტერიტორიაზე სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარდა მეწყრული პროცესი. სავარაუდოდ, მთებში დაგუბდა მდინარეები ბომბორა და ჭანჭახი, რის შედეგადაც განვითარდა მეწყრული პროცესი, ჩამოიშალა მიწის და წყლის ძალიან დიდი მასა. ადგილზე მობილიზებულები არიან შესაბამისი სამსახურები, მეც სამაშველო სამსახურთან ერთად ვიმყოფები და მათთან ერთად მივემართები ადგილისკენ“, – განაცხადა ონის მერმა “ფორმულასთან”.