ივანიშვილის ავტორიტარულ რეჟიმს და რუსული ყაიდის დიქტატურის დამყარებას არავინ შეეგუება საქართველოში. რუსული კანონის არსებობა და ივანიშვილის მხრიდან ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში დარჩენა შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციასთან, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები მიიღებენ ზომებს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საქართველოს დემოკრატიას ძირს უთხრის.
“ძალიან მკაფიო, ორპარტიული გზავნილები გაჟღერდა, კერძოდ ის, რომ ივანიშვილის ავტორიტარულ რეჟიმს და რუსული ყაიდის დიქტატურის დამყარებას არავინ შეეგუება საქართველოში და რომ “რუსული კანონის” არსებობა და ივანიშვილის მხრიდან ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში დარჩენა შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციასთან. კარგად ითქვა, რომ ყველა ის პირი, ვინც შემჩნეულია რუსული კანონის ინიციირებაში, ვინც ამას მხარი დაუჭირა და ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს – მათ მიმართ ძალიან მკაცრი ზომები იქნება გატარებული.
ამის პარალელურად, ძალიან მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ქვეყნის შიგნით ერთიანობა და ის მუხტი, რაც ჩვენ ყველამ ერთად ვაჩვენეთ ბოლო ორი თვის განმავლობაში. ჩვენ ერთად უნდა შევებრძოლოთ ივანიშვილის რუსულ დეზინფორმაციას და ეს უნდა იყოს კამპანიის ძირითადი ხაზი”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
აშშ-ის კონგრესში გუშინ MEGOBARI Act-თან დაკავშირებით იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ამასთან დაკავშირებით სანქციებს და სავიზო შეზღუდვებს.