“ქართული ოცნების“ დღევანდელი აქცია საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებშია, როდესაც დაშინებული საჯარო მოხელეები მიყავდათ “პარადებზე” და წითელ დროშებს აფრიალებინებდნენ, – ამის შესახებ Front News-ს პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა სერგო ჩიხლაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ასეთი ქმედებები ხელისუფლებას არაფერ კარგს არ მოუტანს.
“საერთოდ აზრს ვერ ვხდები, ხელისუფლება რატომ ატარებს ამ აქციას. ხელისუფლება საპროტესტო აქციას აწყობდეს, ეს მართლაც დაუჯერებელია და არცერთ ქვეყანაში მსგავსი არ მინახავს, გარდა ტოტალიტარული ქვეყნებისა. ეს არის საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებში, როდესაც დაშინებული საჯარო მოხელეები მიყავდათ “პარადებზე” და წითელ დროშებს აფრიალებინებდენ, როცა ყველამ ვიცოდით, რა აზრის იყო ეს ხალხი იგივე კომუნისტურ ხელისუფლებაზე. ეს მეორდება დღეს და არ მგონია, ამან რამე პოზიტივი მოუტანოს ხელისუფლებას“, – განაცხადა ჩიხლაძემ.
მისი თქმით, აქციის სამზადისისთ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ზღვარი პარტია “ქართულ ოცნებასა” და ხელისუფლებას შორის წაშლილია.
“ეს არის ის, რასაც დასავლელი პარტნიორებიც აცხადენენ, რომ მოშლილია ზღვარი პარტიასა და სახელმწიფოს შორის. რომელი აქციის დროს გვინახავს ჩვენ, რომ 2 დღით ადრე ტრანსპორტისგან ქუჩებს წმენდნენ? არცერთი აქციის დროს ეს არ ხდება, საპატრულო პოლიცია და სახელმწიფო უწყებები ჩართული არიან პარტიის აქციის მომზადებაში. ეს არის ყველაზე სამწუხარო“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.