როდესაც ქვეყანას ჰყავს სანქცირებული ხელისუფლების წევრები, ეს ნიშნავს მეტ იზოლაციას, მეტ გაღარიბებულ ოჯახებს, მეტ მოშიმშილე ბავშვს და საქართველოდან გაქცეულ კიდევ უფრო მეტ ქართველს, – მის შესახებ “ერთიანობის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ოცნებას” საქართველოს მოქალაქეების ეშინია, რადგან იციან, რომ 25-27%-ზე მეტ მხარდაჭერას ვერ მიიღებენ.
“როდესაც ქვეყანას ჰყავს სანქცირებული ხელისუფლების წევრები, ეს ნიშნავს მეტ იზოლაციას, მეტ გაღარიბებულ ოჯახებს, მეტ მოშიმშილე ბავშვს და საქართველოდან გაქცეულ კიდევ უფრო მეტ ქართველს. აი, ეს არის “ქართული ოცნების” 12-წლიანი მოღვაწეობის შედეგი.
რაც შეეხება შიშს, პირველ რიგში, “ქართულ ოცნებას” და ივანიშვილს ეშინია ქართველი ხალხის იმიტომ, რომ მათი მხარდაჭერა 25-27%-ს არ სცილდება, ამიტომ, მთავარი სანქცია “ქართულ ოცნებას” დაედება 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის მხრიდან”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქეს და მათი ოჯახების წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. სანქციები შეეხოთ მათ შორის პარლამენტის წევრებს და ბიზნესმენებს. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, “ალტ-ინფოს” ორი წევრი – ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.