ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეში ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძის ჩართვა გამორიცხულია.
როგორც ხაჭაპურიძემ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე განაცხადა, გეჯაძემ მასთან საუბარში თქვა, რომ ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში, დასკვნაში იმას დაწერს, რასაც “შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაურეკავენ”.
“რაც შეეხება ბატონ გეჯაძეს – მასთან მე არაერთხელ მქონდა შეხვედრა, მსურდა იგი ჩართულიყო ამ საქმეში, თუმცა მან რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით მან ბრძანა, რომ სიამოვნებით მიიღებდა ექსპერტიზაში მონაწილეობას, მაგრამ თუ შსს-დან დაურეკავენ, დადებს იმ დასკვნას, რასაც დაურეკავენ. ამიტომ მითხრა – “შალვა დიდი ბოდიში, პატივს გცემ, წლებია, ვთანამშრომლობთ და არ მინდა გავაკეთო ის, რაც გავაკეთე “ტვ პირველის” ჟურნალისტის გარდაცვალების ფაქტზე, დავდე ის დასკვნა, რაც აწყობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს”.
აქედან გამომდინარე, ბატონი გეჯაძის ამ ექსპერტიზაში მონაწილეობა კატეგორიულად გამორიცხულია, დარწმუნებული ვარ, გეჯაძე დაადასტურებს, თუ არადა ჩვენ გაგვაჩნია ფარული ჩანაწერები. მე გეჯაძე ჩავწერე, როდესაც ამას მელაპარაკებოდა და მოგვიწევს მოვისმინოთ ტელევიზიით, რა თქვა გეჯაძემ სააკაშვილთან დაკავშირებით. ზედმეტ სახელად შეარქვა ჩიტი. ტელეფონზე დამირეკავს, ჩიტის საქმე როგორ არის, სიამოვნებით მივიღებდი მეც ჩიტის საქმეში, კარგად გადამიხდიდნენ, უბრალოდ უბედურება იმაშია, რომ დამირეკავს შსს და დავწერ იმას, რასაც მეტყვიან”, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
“ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე, დამოუკიდებელი ექსპერტის სტატუსით ჩართული ალექსანდრე გეჯაძე ეთანხმებოდა ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, რომ ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინით” ინტოქსიკაციით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა.