spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა პაპუაშვილი – 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი, იმისთვის, რომ საბოლოოდ დავაგვირგვინოთ გამარჯვებით ეს საარჩევნო მარათონი

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე თვალს ხუჭავენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ვინაიდან შეკრული არიან სალომე ზურაბიშვილთან და რადიკალურ ოპოზიციასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში, ბრიფინგზე განაცხადა.

“უპირველეს ყოვლისა, სანამ ბრიფინგის თემაზე გადავალ, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც 23 ოქტომბერს აქციაზე იმყოფებოდა. ყველამ დაინახა ის ასობით ათასი მოქალაქე: მშობლები, შვილები, ექიმები, საჯარო მოხელეები – ყველა, ვისაც გული შესტკივა საქართველოსთვის. ეს არის საქართველოს რეალური სახე, ეს არის ის ღირსეული საქართველო, რომელიც 26 ოქტომბერს გამარჯვებით დააგვირგვინებს ამ საარჩევნო კამპანიას.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას და ყველას მოვუწოდო: 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი, იმისთვის, რომ საბოლოოდ დავაგვირგვინოთ გამარჯვებით ეს საარჩევნო მარათონი.

რაც შეეხება თავად თემას ჩვენი დღევანდელი ბრიფინგისა, საარჩევნო კამპანია სრულდება, ხვალ არჩევნებია, ჩვენ ამ პერიოდში ვატარებდით წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს და მინდა გაგაცნოთ საბოლოო შედეგები, რა გვაქვს ამასთან დაკავშირებით.

შუალედური ანგარიშები იყო წარმოდგენილი, მათ შორის, ეუთო/ოდირს და სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ეგზავნებოდა. ეს დაკვირვების პერიოდი მოიცავს 1 ივნისიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს – როგორც არაოფიციალურ წინასაარჩევნო პერიოდს, ისე ოფიციალურ წინასაარჩევნო პერიოდს, სექტემბრიდან მოყოლებული.

ძირითადი დარღვევები რაც გამოვლინდა და ჩვენ, რა თქმა უნდა, კონცენტრირებული ვართ ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დარღვევებს. ეს არის ძალადობა და მუქარა, ამომრჩეველთა მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ნეგატიური კამპანია, კამპანიაში ხელის შეშლა, დეზინფორმაცია, უცხოური ჩარევა და არადეკლარირებული საარჩევნო კამპანიები, რომელიც წარმოებდა.

დავიწყოთ თავიდან, რაც შეეხება ძალადობას და მუქარას. ჩვენ ამ პერიოდში გვქონდა, განსაკუთრებით დასაწყისში იყო პარლამენტის წევრებზე თავდასხმები. გახსოვთ ე.წ. „აღშფოთებული მოქალაქის კამპანია“, რომლის უკან და რომლებიც ყოველ ჯერზე დასტურდებოდა, რომ იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ და ზოგადად რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები, რომლებიც თითქოს და ანონიმური მოქალაქეების სახით თავს ესხმოდნენ პარლამენტის წევრებს, მათ ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ. 10 ასეთი ფაქტი დაფიქსირდა და სხვათა შორის, ეს ფაქტები არ აღწერეს ადგილობრივმა ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, რომლებიც პერიოდის მხრივ ამ პერიოდს მოიცავენ, თუმცა თვალი დახუჭეს იმაზე, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებზე პარტიული ნიშნით მიდიოდა ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან თავდასხმები.

მეორე, გახლავთ სიძულვილის კამპანია უკვე დეპუტატობის კანდიდატებზე. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია გასაჯაროვდა, ჩვენ ვნახეთ ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან ვერბალური თავდასხმები სოცმედიის საშუალებით თავდასხმები მათზე, მათი ოჯახის წევრებზე. ვნახეთ ჩვენ რომ არაფერი მორალური ბარიერი ამ არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტებს, მათ შორის, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წევრებს, ოპოზიციის აქტივისტებს  არ აქვთ, მათთვის სულერთია ვის ეხება ეს, ეხება ეს ჩვენს საამაყო სპორტსმენებს, რომელსაც გუშინ ტაშს უკრავდნენ, თუ ეხება ეს ადამიანებს, რომელსაც ისინი შეიძლება მანამდე არ იცნობდნენ. ყველა მორალური ბარიერი მოიხსნეს. ნიღაბი ეთიკის ყველანაირად ჩამოიხსნეს და პირდაპირ შეურაცხყოფაზე იყვნენ გადასული ჩვენი სიის წევრებზე და ასევე, ნახეთ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით. პირდაპირ ჩართული იყვნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები ბულინგში, ზეწოლაში, შეურაცხყოფაში ადამიანებისა, რომელიც მათ პოლიტიკურ გემოვნებაში არ ჯდებიან. ამით კიდევ ერთხელ ჩანს, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში შინაარსით ლიბერალური ფაშიზმი. ეს ის ხალხია, რომელიც სემინარებზე „power point“-ებით გვიმტკიცებენ, რომ სხვათა უფლებებისთვის ყველაფერს გადადებენ, მაგრამ როგორც კი ვინმე მათი პოლიტიკური გემოვნების მიღმა არის, მზად არიან იმავე მომენტში, რომ ეს ადამიანი გაანადგურონ. მათ შორის, ჩვენ ვნახეთ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ წარმოებული კამპანია ბანერებზე გადაფენა წარწერების, რომელსაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სხვადასხვა ე.წ. მედია საშუალებები ავრცელებდნენ, ეს ჩვეულებრივი ფაშისტური კამპანიაა, სადაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აცხადებდნენ მტრად და ამაზე დღემდე ევროკავშირის წარმომადგენლობიდან არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა, რაც რა თქმა უნდა ახალისებს ასეთი სახის ტერორს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან. ქონების დაზიანება- მათ შორის, წალენჯიხაში იყო შემთხვევა, როდესაც მანქანა დაუზიანა „ახალის“ წევრმა და ერთ-ერთმა აქტივისტმა.

შემდეგი, ამომრჩევლის მოსყიდვა. ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ვნახეთ, ე.წ. პარტიული ბანაკები, სადაც ახალგაზრდა ამომრჩევლები მიჰყავდათ სხვადასხვა პარტიებს, ოპოზიციურ პარტიებს, მათი ასე ვთქვათ, როგორც პარტიული მხარდამჭერების ასე ვთქვათ, რეკრუტირებისთვის და ეს ჩვეულებრივ მოსყიდვა არის ჩვენი შეფასებით, ვინაიდან ეს გახლდათ რა თქმა უნდა, დაფინანსებული ღონისძიებები. ამითი რა თქმა უნდა მოსყიდვა არის ამომრჩევლების და ამაზეც რეაგირება ნულოვანი აქვთ ადგილობრივ დამკვირვებლებს. ნუ, ცნობილი უკვე რამდენიმე ათას ლარიანი წალენჯიხის ასაწყობი აუზი, რომლითაც მამუკა ხაზარაძემ თავისი მთავარი დაპირება შეასრულა, როგორც მან თქვა და გამართა წალენჯიხაში ადრეულ შემოდგომას ასაწყობი აუზი, რომელიც თავის მხრივ არის ასევე ამომრჩევლების მოსყიდვა გარდა იმისა, რომ სასაცილო ფაქტია საერთოდ რომ ადამიანი, რომელიც მაღალ პენსიებს ჰპირდება და თავად რამდენიმე მილიონის პატრონი არის, ასაწყობ აუზზე მეტი ვერ გაიმეტა წალენჯიხისთვის, მაგრამ ამავე დროს ის, რაც გაიმეტა ეს გახლავთ ამომრჩევლის მოსყიდვა, ვინაიდან მათ შორის, სარგებლობა იყო უფასო შეთავაზებული მოქალაქეებისთვის პარტიის მხრიდან.

შემდეგი გახლავთ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რომელზეც ასევე, თვალს ხუჭავენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ვინაიდან შეკრული არიან თავად სალომე ზურაბიშვილთან და რადიკალურ ოპოზიციასთან, რამდენიმე სახის დარღვევა არის ქალბატონი სალომეს მხრიდან: პირველი- ე.წ ქარტია, რომელიც არანაირად არ შედის პრეზიდენტის უფლებამოსილებაში, რომ ის ჩაერიოს პარტიების წინასაარჩევნო პროგრამის  შედგენაში და მან ფაქტობრივად ამით შეადგინა საარჩევნო პროგრამა, რომელიც ამავე დროს საქართველოს აცხადებს ბანანის რესპუბლიკად, ამბობს რა რომ, ჩვენ არ გვაქვს უნარი მოქალაქეებს, რომ ავირჩიოთ მთავრობა, რომელიც 4 წელი უხელმძღვანელებს ქვეყანას, ეს უნდა იყოს დროებითი მთავრობა, ვინაიდან მოქალაქეებს არ გვყოფნის იმისი ჭკუა და გამჭრიახობა, რომ ავირჩიოთ ისეთი ხელისუფლება რაც გვინდა, ქალბატონმა სალომემ, მას შემდეგ რაც მოიარა უცხოეთის სხვადასხვა დედაქალაქები, ჩამოვიდა პასუხით, რომ ქართველებს არ გვაქვს არჩევანის გაკეთების უნარი და ამიტომ შეადგინა რამდენიმე პუნქტიანი ქარტია, რომლის მთავარი არსი არის ის, რომ ეს იქნება, ასე ვთქვათ, დროებითი მთავრობა, რიგგარეშე არჩევნები და ა.შ. და შიგნით ფაქტობრივად რაც წერია  ეს არის , რომ სხვისი დიქტატით მოქმედი ხელისუფლება უნდა იყოს, რომელიც უცხოელი  ბიუროკრატების ნებისმიერ მითითებას დაემორჩილება; ეს ერთი დარღვევა. მეორე დარღვევა- ქალბატონის სალომე ჩართული იყო და არის კვლავ პარტიების კოალიციების შექმნაში, მათ შორის, სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ჰქონდა კონსულტაცია, ამისთვის იყენებდა პრეზიდენტის სასახლეს, ადმინისტრაციულ რესურსს და იმ რესურსს, მათ შორის რომელიც არის სასახლის ლოჯისტიკური  მხრივ, რაც არის ასევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და  ამაზე თვალს ხუჭავენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინაიდან თავად არიან ამ შეთქმულების ნაწილი; და მესამე – არჩევნების დღეს დაანონსება  ე.წ  საკოორდინაციო პლატფორმის. შემდეგ შეეცადნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ რაღაცნაირად გამოეყვანათ ქალბატონი სალომე ამ მდგომარეობიდან, მაგრამ არაფერი არ გამოუვათ აქედან, მან პირდაპირ განაცხადა, რომ ეს პლატფორმა თუ ჯგუფი, რაც იქმნება 26 ოქტომბერს არის იმისთვის, რომ დღის განმავლობაში დააკვირდეს არჩევნებს და ბოლოს აღნიშნოს გამარჯვება. ეს არის პირდაპირ პარტიული შტაბი, რომელიც იქმნება ჩვენი ფულით დაფინანსებულ ადმინისტრაციაში, ჩვენი ფული დაიხარჯება იმ ლოჯისტიკაში იმისთვის, რომ ქალბატონმა სალომემ თავისი გემოვნებით იზეიმოს, თავის გემოვნებაში მყოფი პარტიების გამარჯვება თუ არ გამარჯვება. ამიტომ, ეს არის რა თქმა უნდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ვინაიდან  ეს არის პარტიული შტაბი, რომლის მიზანიც არის გარკვეული პარტიის, თუ პარტიათა ჯგუფის გულშემატკივრობა, ამიტომ ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, თუმცა ენჯეოები ამაზე თვალს ხუჭავენ; შემდეგი დარღვევა კამპანიაში ხელის შეშლა- ამაზე უკვე ბევრი შემთხვევა იყო,  15-მდეა რაზეც  ჩვენ რეაგირება გვქონდა, როდესაც ხდება ჩვენი პლაკატების დაზიანება, ჩვენი ბილბორდების გადაკვრა, დახევა და ა.შ. ხელის შეშლა კამპანიაში, გარდა ამისა, კვლავ არის დარჩენილი 5 საათზე მეტი დრო, რომელიც რეალურად მოგვპარეს „ტვ პირველმა, „მთავარმა“ და „ფორმულამ“ – „ლელოს“, „ახალის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილმა ტელევიზიებმა,  5 000 000 ლარზე მეტი ღირებულების საარჩევნო დრო მოგვპარეს და ამით, რა თქმა უნდა, არათანაბარ მდგომარეობაში ჩაგვაყენეს სხვა პარტიებთან შედარებით.

რაც შეეხება უცხოურ ჩარევებს, მე ადრე ბრიფინგის სახით მოგახსენეთ და ჩვენ ამ მონიტორინგს ვაგრძელებდით. 1 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით 250-ზე მეტი განცხადება, კომენტარი თუ სხვადასხვა სახის ინტერვენცია, რეზოლუცია და ა.შ. დაფიქსირდა, რაც დღეში საშუალოდ ხუთი სხვადასხვა აქტორის ჩარევა არის საქართველოს საარჩევნო კამპანიაში.

არის სხვადასხვა სახის, დაწყებული განცხადებებით, რომელიც მედია საშუალებით თუ მათი სოცმედია საშუალებით საჯაროვდება, სადაც ისინი პირდაპირ მოუწოდებენ ამომრჩევლებს, რომ მხარი არ დაუჭირონ „ქართულ ოცნებას“ და ეს არის ჩარევა.

მეორე, დოკუმენტები – ევროპარლამენტის რეზოლუცია, 13 მინისტრის თუ ქვეყნის წარმომადგენლის განცხადება, რომელზეც სხვათა შორის დღემდე ვერ გავერკვიეთ რა ტიპის დოკუმენტია ეს, ერთადერთი წყარო, რაც მივაგენით დღემდე არის „ინტერპრესნიუსის“ ნიუსი ასე ვთქვათ, სადაც მოტანილია ეს ტექსტი. სხვაგან ვერსად, ვერცერთი ამ 13 ქვეყნის ოფიციალურ ვებგვერდზე, ვერცერთი ამ 13 ქვეყნის საელჩოს ვებგვერდზე ეს ტექსტი ვერ მოვიძიეთ და დღემდე პასუხი არ გვაქვს რა განცხადება იყო საერთოდ, ვისი განცხადება, ვისი ინიციატივა იყო, რატომ არის მარტო 13, თარსი რიცხვის ამბავი არის 13 თუ რატომ არ ვიცი. მოკლედ ყოველ შემთხვევაში გაურკვევლობა არის ამ მხრივ. შინაარსობრივად რა თქმა უნდა ეს იყო ჩარევა საარჩევნო კამპანიაში იმისთვის, რომ ემოქმედათ განწყობებზე.

გარდა ამისა, ჩარევა იყო ასევე 20 ოქტომბრის თავყრილობა, რომელიც ენჯეოების და ოპოზიციის ერთობლივი ღონისძიება იყო და სამწუხაროდ გაუმჭვირვალობის პირობებში ჩვენ არ ვიცით ზუსტად, მაგრამ გვაქვს ეჭვი, რომ ამ 20 ოქტომბრის აქციაზე დაიხარჯა ენჯეოების თანხები, ანუ უცხოური თანხები დაიხარჯა საარჩევნო ღონისძიებისთვის და მათ შორის ამას გვაფიქრებინებს ევროკავშირის ელჩის გამოხმაურება ამ აქციასთან დაკავშირებით და ამიტომ გვიჩნდება ჩვენ საფუძვლიანი ეჭვი, რომ 20 ოქტომბრის ღონისძიება დაფინანსებული იყო უცხოური წყაროებიდან, რაც წარმოადგენს უკანონო კონტრიბუციას საარჩევნო კამპანიაში და არის დარღვევა და გარდა ამისა არის ჩარევა საარჩევნო კამპანიაში, რაც ასევე სამწუხარო არის.

გარდა ამისა ჩვენ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მხრივ ასევე დაფიქსირდა ერთი ფაქტი – გიორგი გახარიას პარტიიდან ყველა საჯარო მოხელეს დაეგზავნა მეილები  ერთი ტექსტით. რა თქმა უნდა ეს მისამართები მათ შეუძლებელია რომ ჰქონდეთ პარტიაში, ამიტომ არის ეჭვი, რომ მათ პარტიაში თუ პარტიასთან ახლოს მყოფი ადამიანები, რომლებიც საჯარო სამსახურში იმყოფებოდნენ,  რომ მათ გატანილი აქვთ საჯარო მოხელეების პერსონალური მონაცემების ბაზა, მათ შორის, მეილის მისამართები და ამ ბაზის მეშვეობით მოხდა საჯარო მოხელეებთან ერთიანი მეილის დაგზავნა. რა თქმა უნდა გარკვეული ტიპის მოხელეების მეილი კონტაქტები შეიძლება იყოს ამა თუ იმ სამინისტროს ვებგვერდზე, თუმცა ესენი არის როგორ წესი წამყვანი თანამშრომლები და თან ყველა საჯარო მოხელის მეილი არ არის ასე საჯაროდ ინტერნეტში გამოტანილი. მეორე – ეს ასეც, რომ იყოს, 50 ათასამდე საჯარო მოხელე არის და წარმოუდგენელია ამდენი ათასობით მოხელის მეილი ცალ-ცალკე შეეყვანათ და ე.წ. მეილინგ ლისტი შეექმნათ. ამიტომ არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პარტიაში თუ შორი ახლოს ზოგიერთ ენჯეოში არიან ადამიანები, რომლებსაც წვდომა ჰქონდათ პერსონალურ მონაცემებზე და არის ეჭვი, რომ ეს ბაზა აქვთ გატანილი და ამ ბაზის მეშვეობით მოხდა ამ მეილების დაგზავნა. ამიტომ მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ საკითხითაც დაინტერესება.

შემდეგი გახლავთ უკვე ენჯეოები, რომლებიც ყველაფერზე თვალს ხუჭავენ, რაც ეხება ოპოზიციას და მათ დონორებს. ამ შემთხვევაში, თვალის დახუჭვა არის არა მხოლოდ ოპოზიციაზე, არამედ,  უცხოურ ჩარევაზე. შეგახსენებთ, რომ დანიის მიერ დაფინანსებული ე.წ. „დემოკრატიის ფესტივალები“, რომლებიც შემდეგ დადასტურდა, რომ ეს იყო პარტიული აგიტაცია, ანტიკორუფციულმა ბიურომ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად გამოაცხადა ის ენჯეო, რომელიც დანიის დაფინანსებით ატარებდა ამ ღონისძიებებს. ხმა არ ამოიღეს ამაზე ენჯეოებმა, ხმა არ ამოიღეს იმ განცხადებებზე, რომლებიც სხვადასხვა უცხოელი დიპლომატის თუ პოლიტიკოსის მხრიდან კეთდება და ჩუმად არიან აბსოლუტურად ყველაფერზე. ამით ჩანს კიდევაც, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სამოქალაქო სექტორზე, აქ რეალურად, ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამხელა ღრმა კრიზისში არის შესული სამოქალაქო სექტორი, ვინაიდან ის ენჯეოები რომლებიც, გარკვეული ჯგუფი, ასე ვთქვათ, წახალისებული ენჯეოებისგან, არის პირდაპირ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული, მათ შორის, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ანტიკორუფციულმა ბიურომ, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, მრავალპარტიული ორგანიზაცია, და რამდენიმე სხვა ორგანიზაცია, ოთხი-ხუთი ორგანიზაცია საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად აღიარა.

ამას წინათ, ჩვენ გვქონდა ბრიფინგი, სადაც, უკვე დამკვირვებლად რეგისტრირებულ ენჯეოებში აღმოვაჩინეთ, რომ 36 % ამ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა, პირდაპირ არიან დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან. მათში ან ოპოზიციის პარტიის პარტიის აქტივისტები, ლიდერები არიან დამფუძნებლები და წამყვანი პირები, ან ოპოზიციის შემომწირველები არიან. ანუ, პირდაპირ დასტურდება, რომ ეს არის დაკავშირებული ოპოზიციასთან – 36%. 16% არის ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ აწარმოებენ კამპანიას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ანუ,  არჩევნებში მონაწილე ერთი პარტიის წინააღმდეგ არიან ჩართული კამპანიაში, რაც ჯამში გვაძლევს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების 52 %-ს, რომლებიც არიან მიკერძოებული და რა თქმა უნდა, მათგან მოსალოდნელი არ არის, რომ რაიმე ობიექტური დასკვნა იქნება.

საერთო ჯამში, რომ შევაჯამოთ, ჩვენ გვქონდა როგორც ძალადობის, ამომრჩეველთა მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ნეგატიური კამპანია, კამპანიაში ხელის შეშლა, დეზინფორმაცია  – რომელიც ასევე, მნიშვნელოვანი იყო და აქ მე ხაზს გავუსვამ ერთ საკითხს, რომელიც ამას წინათაც ვთქვი. რაც შეეხებოდა „გამჭვირვალობის კანონს“ და მის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციულ დაფინანსებულ კამპანიას დისკრედიტაციისთვის, რომელსაც, რამდენიმე დღის წინ წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლომ, რომელმაც აჩვენა, თუ რას ნიშნავს რუსული კანონი, პუნქტებად ჩამოწერა, რა არის პრობლემური რუსულ კანონში და ყველამ დავინახეთ, რომ არც ერთი ეს პუნქტი ქართულ კანონში არ არის და ამით ეს საუკუნის ტყუილი რუსულ კანონთან დაკავშირებით დასრულდა.

თუმცა, არის კიდევ ერთი ტყუილი კიდევ, რომელსაც, როგორც ვატყობ, ჩვენ მოწმე ვართ. 17 ოქტომბერს, არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა ჩაატარა ბრიფინგი და თქვეს, რომ მათ შეიტანეს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში. თქვენც ალბათ გახსოვთ ეს ინფორმაცია. დღემდე, არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა იუსტიციის სამინისტროსთან, ამიტომ, მე პირადად მაქვს ეჭვი, რომ მათ ეს ბრიფინგი ჩაატარეს უბრალოდ წინასაარჩევნოდ, იმისთვის, რომ შეექმნათ კიდევ ერთი თემა, რომ გასაჩივრებული არის ეს კანონი. თუმცა, დღემდე, არანაირი ინფორმაცია არ არის, რომ მათ შეიტანეს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში, ამიტომ, ესეც საინტერესო იქნება, შეტანილი აქვთ თუ არა საერთოდ ეს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში, რაც რა თქმა უნდა, მათი უფლებაა, შეუძლიათ გაასაჩივრონ, თუმცა,  როცა ვხედავთ, რომ წინასაარჩევნო მანიპულაციისთვის იყო გამოყენებული თავად თემა და ტყუილი, რომ  თითქოს, ამ კანონს რაიმე საერთო აქვს რუსეთში მოქმედ კანონთან. სტრასბურგმა თქვა, რომ საერთოდ არაფერი საერთო ამასთან არ აქვს – უთხრა ეს ენჯეოებს, უთხრა ეს ოპოზიციას, უთხრა ეს უცხოელ პოლიტიკოსებს, უთხრა ეს უცხოელ დიპლომატებს, რომ ყველანი ისინი ტყუოდნენ საქართველოს წინააღმდეგ და რომ ეს იყო მავნე დეზინფორმაციული კამპანია.

არადეკლარირებული საარჩევნო კამპანია ასევე ერთ-ერთი პრობლემა არის, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ ჩართული არიან აგიტაციაში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, მათ შორის, 20 ოქტომბრის თავყრილობა იყო ამის ერთ-ერთი მაგალითი და აქ სულელი არავინ არის, ნურავინ დაიწყებს ქართველი ხალხის მოტყუებას, უცხოელი პოლიტიკოსი იქნება ეს თუ დიპლომატი, თითქოს, ეს იყო რაღაც ევროპასთან დაკავშირებული შეხვედრა საქართველოს მოქალაქეების. ეს იყო ცხადად „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ღონისძიება, რომელიც ორგანიზებული იყო ენჯეოების და ოპოზიციის მიერ და ეს საჯაროდაც ჩანდა, რომ ეს არის ენჯეოების ორგანიზებული ოპოზიციასთან ერთად. როგორც ჩანს და აშკარა იყო, რომ ამ აქციის ორგანიზებაში და გამართვაში დაიხარჯა უცხოური ფული, რაც წარმოადგენს უკანონო შემოწირულობას საარჩევნო კამპანიაში და რა თქმა უნდა, ესეც მნიშვნელოვანი იქნება, რომ დადგინდეს. მათ შორის, ამ ენჯეოებს მოვუწოდებ, გაასაჯაროონ, რას მალავენ აბა, გაასაჯაროონ რა თანხები დახარჯეს, ვისი თანხები დახარჯეს და უთხრან საქართველოს მოქალაქეებს ვისი ფულით ცდილობენ ისინი, რომ ზემოქმედება მოახდინონ და დეზინფორმაციული კამპანია აწარმოონ  წინასაარჩევნო პროცესში”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები