არც ჩვენ, “ქართული ოცნება“ და არც ჩვენი ამომრჩეველი, არ აპირებს, რომ ამომრჩევლების ხმები ვინმეს დაუთმოს. ამაზე უნდა იფიქროს ყველამ, ვინც კი ახლა რაღაც აბსურდულ გეგმებს აწესებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ პირებს მოუწოდებს, თვალი არ აარიდონ საქართველოს 1 120 000 მოქალაქის გადაწყვეტილებას.
“არ დაგვავიწყდეს, რომ 26 ოქტომბერს ჩატარდა არჩევნები, რომელშიც ორ მილიონზე მეტმა ჩვენმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, სადაც 1 120 000-მა ამომრჩეველმა ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“ და ამით მისცა ქვეყნის მართვის მანდატი. არ დაგვავიწყდეს ეს და ყოველ ჯერზე, როდესაც ეს ადამიანები ისაუბრებენ იმაზე, თუ რა პოლიტიკური გეგმები აქვთ სახელმწიფოსთან მიმართებით, არ დაავიწყდეთ თითოეული ეს ამომრჩეველი. მათ შორის, ოპოზიციური ამომრჩეველი, რომელმაც ხმა მისცა თავის რჩეულ პარტიებს, რათა მათ პარლამენტში წარმოადგინონ ისინი. ასე რომ, ნურავინ ნუ ეცდება, თვალი აარიდოს 1 120 000 საქართველოს მოქალაქეს. არც ჩვენ, „ქართული ოცნება“, როგორც პარტია და არც ჩვენი ამომრჩეველი, არ აპირებს, რომ ამომრჩევლების ხმები ვინმეს დაუთმოს. ამაზე უნდა იფიქროს ყველამ, ვინც კი ახლა რაღაც აბსურდულ გეგმებს აწესებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებსაც გამოეხმაურა.
“რაც შეეხება ქალბატონ სალომეს პოზიციას, რომელიც ახალი არ არის. გარკვეული ხნით ადრე, მე მას ვუწოდე, რომ სახელმწიფოს მიმართ ლუი XIV-ის მიდგომა აქვს. ფაქტობრივად, ამას ამბობს, რომ სახელმწიფო არის თავად, თავისი ატრიბუტიკით,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, სჯერა, რომ 29 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილი დატოვებს ორბელიანების სასახლეს და მის ადგილს ახალი პრეზიდენტი დაიკავებს.
“რაც შეეხება შენობას, არ მგონია, ასეთ ნაბიჯზე წავიდეს ქალბატონი სალომე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გამოდის, რომ ის ამით თავის მუდმივ პრეზიდენტობას არა სამართლებრივი ლეგიტიმაციას, არამედ შენობით ლეგიტიმაციას უკავშირებს და ეს უკვე სასაცილო იქნება, თუ ფიქრობს, რომ მისი ლეგიტიმაცია გამომდინარეობს იმ შენობიდან, რომელშიც არის. სამართლებრივი სახელმწიფო იმას გულისხმობს, რომ არის წესები, კანონები და ყველა უნდა აცნობიერებდეს ამას, მაგრამ, რა თქმა უნდა, არავის არ აქვს ასეთი ნაბიჯების გადადგმის სურვილი. არ მგონია, რომ თავის მხრივ, ასეთ ნაბიჯზე წავიდეს ქალბატონი სალომე, ან თუნდაც მისი ადმინისტრაცია. მეორე საკითხია პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ერთი არის პოლიტიკოსის ქმედებები, მისი რადიკალიზმი და ექსტრემიზმიც კი, რასაც ვხედავთ იმ პოლიტიკურ ბანაკში და მეორე არის, რომ გაწირო შენი ადმინისტრაციის თანამშრომლები ასეთი ქმედებისთვის.
მყარად ვფიქრობ, რომ 29 დეკემბერს მაშინ, როდესაც შედგება ინაუგურაცია და ახალი პრეზიდენტი შევა უფლებამოსილებაში, ის შესაბამისად დაიკავებს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, როგორც ეს ჩვენი კანონით, კონსტიტუციით და რაც მთავარია, ხალხის ნებით არის დადგენილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.