spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ ვირჩევთ საქართველოს და ეს არჩევანი უნდა იყოს ქართული ღირებულებების საბოლოო და უაპელაციო გამარჯვება

ჩვენ უნდა დავასრულოთ მოჯადოებულ წრეზე სიარული და საბოლოოდ დავიმკვიდროთ თავი როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ და თავისუფალმა ერმა, რომელიც თავის ბედს თავად წყვეტს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ქუთაისში, “ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა.

“მოგესალმები ქუთაისო. მოგესალმებით იმერლებო. მოგესალმებით ადგილზე, სადაც ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმბოლოს დავით აღმაშენებელს ფეხი აუდგამს და მისი განსასვენებელი დაუმკვიდრებია. მოგესალმებით ქალაქში, რომელიც საქართველოს ერთიანობის და უძლეველობის მარადიული ნიშანსვეტია.

ანტიკური სამეფოს დედაქალაქი, ბაგრატ III-ის საქართველოს ერთიანობისთვის დაწყებული ბრძოლა, დავით და კონსტანტინე, ბაგრატი და გელათი, აკაკი და გალაკტიონი. აი ეს, და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი რამ სულით ხორცამდე ქართული, ნამდვილი, სანუკვარი უკავშირდება ამ დიდებულ ქალაქს, უძველეს ცივილიზაციებთან წილნაყარსა და დღემდე საქართველოს უმნიშვნელოვანეს კულტურულ კერას.

დღეს შევიკრიბეთ, რომ ერთმანეთს კიდევ ერთხელ ვუთხრათ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რა გვინდა. კიდევ ერთხელ გავახსენოთ ერთმანეთს, რომ საქართველო ჩვენით არ იწყება. რომ ისტორიის ამ უგრძელეს გზაზე ჩვენ ჩვენი მისია გვერგო, და ეს მისია ქართული სახელმწიფოს შენარჩუნებაა. სახელმწიფოსი, არა როგორც ტერიტორიის, არამედ, სახელმწიფოსი, როგორც თვითმყოფადი ერის ერთობის.

“სხვისი იმედი რას არგებს თავისუფლების მძებნელსა“ – აკაკის ეს სიტყვები დღეს განსაკუთრებით შეგვახსენებს მთავარ ჭეშმარიტებას, რომ ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს და რომ ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარიც და მცველიც თავადვე ვართ.

ჩვენი ევროპელობა ქართველმა ხალხმა განსაზღვრა აქ ქუთაისში, თბილისში, ბათუმში, თელავსა თუ ზუგდიდში. ევროპა ჩვენთან ერთად დაიბადა. მის საწყისებთან ვდგავართ ქართველები, რომლებიც დასავლური კულტურის თანაშემოქმედები ვიყავით. და ამასთან ჩვენ შევქმენით თვითმყოფადი, ყველასგან განსხვავებული ქართული კულტურა, მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი მარგალიტი. დღეს კი, ჩვენ ერს, თანაშემოქმედს ევროპული ცივილიზაციისა, გვიწევს მტკიცება იმისა, რომ ქართული იდენტობა ევროპული იდენტობაა, რომ ქართული ღირებულება ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებაა, რომ ქრისტიანობა ევროპის საძირკველია.

მოვლენისა თუ საგნის სწორი სახელდება უმნიშვნელოვანესი აქტია. სამწუხაროდ, დღეს ეს პროცესი უგულებელყოფილია. ყოველდღიურად შავისთვის თეთრის დარქმევის გაუგონარ თვალთმაქცობას ვადევნებთ თვალს. ვხედავთ, როგორ წარმოგვიჩენენ ომს – მშვიდობად, ცალ ფეხზე დგომას – თავისუფლებად, სიცრუეს – ჭეშმარიტებად, იუდას ამბორს – ქართველი ხალხის სიყვარულად.

ევროპარლამენტის მიერ მიღებული ბოლო რეზოლუცია, სადაც, წამების რეჟიმის შემქმნელი სააკაშვილის გათავისუფლებასთან ერთად, ახლა უკვე საჯაროდ მოგვთხოვეს რუსეთისთვის სანქციების დაწესება, რა არის, თუ არა ნიველირება ყველაფრის, რაც კი ქართველებს ევროპულ ფასეულობებად გვესახება. სწორედ ეს არის სახელების გადანაცვლების შედეგი, სადაც მწამებელი ევროპელია და ომი – მშვიდობაა.

და ამ ყველაფრის მაყურებელ ქართველ კაცს უნებურად წამოსცდება კითხვა:

– სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებას რომ მოითხოვ, ესაა ევროპა?

– ადეიშვილს ბრიუსელის კაბინეტებში რომ უმასპინძლებ, ესაა ევროპა?

– კეზერაშვილს სასჯელისგან რომ შეიფარებ, ესაა ევროპა?

– თავად ნატოს ატომური ქოლგის ქვეშ მყოფი, საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას რომ მოითხოვ, ესაა ევროპა?

რა თქმა უნდა, არა. ქართველმა ხალხმა იცის, რა არის ის ღირებულებები, რომელიც ჩვენ ევროპასთან გვაერთიანებს.

ევროპა სხვისი პატივისცემაა და არა დაქვემდებარება, ევროპა სიმართლეა და არა თვალთმაქცობა, ევროპა ხელის შეშველებაა და არა ფეხის დადება, ევროპა სულიერებაა და არა უღმერთობა.

თუმცა, ქართველმა ხალხმა ისიც კარგად იცის, რომ ეს ფარისევლობა დროებითი მოვლენაა, და ეს აბსურდიც მალე დასრულდება. დასრულდება იმავე წამს, როდესაც ყველა, შინ და გარეთ, დაინახავს თუ სად დგას ქართველი ხალხი. დაინახავს, რომ ეს არის შემდგარი სახელმწიფო, საკუთარი ღირსებით, საკუთარი იდენტობით, საკუთარი ინტერესებით.

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ქართველმა ხალხმა უკვე ჩაატარა ერთი სახალხო რეფერენდუმი, როდესაც ერი და ბერი, მილიონამდე საქართველოს მოქალაქე ჩვენი ქვეყნის ქალაქებში გამოვიდა და თქვა, რომ არ არსებობს მომავალი წარსულის გარეშე; რომ არ არსებობს საქართველო მისი რწმენის, მისი ტრადიციების, მისი თვითმყოფადობის გარეშე.

26 ოქტომბერს ეს სახალხო რეფერენდუმი საარჩევნო ყუთებთან უნდა განმეორდეს. ჩვენ ვირჩევთ საქართველოს, და ეს არჩევანი უნდა იყოს ქართული ღირებულებების საბოლოო და უაპელაციო გამარჯვება. ჩვენ უნდა დავასრულოთ მოჯადოებულ წრეზე სიარული და საბოლოოდ დავიმკვიდროთ თავი როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ და თავისუფალმა ერმა, რომელიც თავის ბედს თავად წყვეტს.

მხოლოდ თავდაჯერებული, საკუთარი ინტერესებით მოქმედი, ქართული იდენტობის დამცველი სახელმწიფოთი შევალთ ღირსეულად ევროპელ ხალხთა ოჯახში. ეს იყო ჩვენი დიდი წინაპრების ევროპული გზა და ეს ასეც დარჩება!

მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!” – განაცხადა პაპუაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები