დღეს, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ევროინტეგრაციას, მნიშვნელოვანი როლი აქვს ამაში ჩვენს დიასპორას, რომ ევროპელებს, მათ ვინც ჯერ კიდევ არ იციან და არ იცნობენ, გააცნონ, თუ რა არის საქართველოს როლი ევროპაში,’ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე „ძლიერი დიასპორა საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის” გამოსვლისას განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტში დიასპორის გაძლიერების კუთხით შექმნილია დიასპორის კომიტეტი, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს დიასპორასთან.
“მე გუშინ გამოსვლის დროსაც ვთქვი, რომ საქართველო ვერ იქნება სრულყოფილი ევროპის გარეშე, მაგრამ ეს პირიქითაც არის: ევროპაც ვერ იქნება სრულყოფილი საქართველოს გარეშე იმიტომ, რომ საქართველო არის მონაწილე ევროპის შექმნისა. არ გადავალ ათასწლეულების უკან რა იყო, მაგრამ ჩვენ ვართ სწორედაც შემოქმედი ქრისტიანული ევროპული კულტურისა ყველა განზომილებაში: დაწყებული ღვინიდან, გაგრძელებული ქრისტიანული სწავლებებით, კულტურაში, ხელოვნებაში ჩვენი წვლილით, სპორტში. ამიტომ, ჩვენმა ემიგრანტებმა უნდა მოახერხონ ეს განსაკუთრებით, ვინაიდან ისინი არიან ბუნებრივად ინტეგრირებული იმ საზოგადოებაში და მათ უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ. პარლამენტიც ყველანაირად იქნება თქვენს გვერდით, სპეციალურად ამ საკითხებისთვის შექმნილია დიასპორის კომიტეტი, რომელიც ყოველთვის მზად არის, რომ გვერდში დაგიდგეთ. მინდა ერთის მხრივ მადლობა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ქმნით საქართველოს სახეს ქვეყნის გარეთ, აცნობთ ჩვენს ქვეყანას და ამავე დროს თქვენ ხართ ის ხალხი, რომლებიც ჩვენს ქვეყანასთან თქვენი სოციალური კავშირის შენარჩუნებით ამდიდრებთ.მინდა მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე, დიასპორის დღე და გისურვოთ ყველას წარმატება”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.