ეს მცდელობები, რაღაცნაირად დააკავშირონ ეროვნული ბიბლიოთეკა პოლიტიკასთან, აჩვენებს იმ ადამიანების არაკეთილსინდისიერებას, რომლებიც ასეთ დაკავშირებას ცდილობენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
“გუშინ შეხვედრა მქონდა ბატონ გიორგი კეკელიძესთან. ეროვნული ბიბლიოთეკა არის უფრო დიდი, უფრო მეტი, ვიდრე ვართ თითოეული ჩვენგანი, ინდივიდები, თითქმის 200 წლოვანი ისტორიით, ამიტომ ის საქმე, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში წლების განმავლობაში კეთდებოდა, არის მნიშვნელოვანი საქმე. ამის უკან დგას ეროვნული ბიბლიოთეკის დიდი კოლექტივი, რომელმაც ეროვნული ბიბლიოთეკა ჩვენამდე მოგვიტანა იმ სახით, როგორიც არის და ასევე მომავლის ხედვით, რომელიც მას აქვს. მე ბატონი გიორგის მადლობელი ვარ, ყველა იმ კარგი საქმისთვის, რომელიც მან მის კოლექტივთან ერთად გააკეთა. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს არის საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანია ეროვნული ბიბლიოთეკის შემდგომი განვითარებისთვის. მე დამატებით განცხადებას, განმარტებებს ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვაპირებ, რადგან საქმე ეხება საკადრო გადაწყვეტილებას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებია. მნიშვნელოვანია, რომ კონსტანტინე გამსახურდია იქნება ახალი ხელმძღვანელი. ეროვნული ბიბლიოთეკა არაფერ შუაშია საერთოდ პოლიტიკასთან და არც უნდა იყოს რაიმე შუაში. ეს მცდელობები, რაღაცნაირად დააკავშირონ ეროვნული ბიბლიოთეკა პოლიტიკასთან, აჩვენებს იმ ადამიანების არაკეთილსინდისიერებას, რომლებიც ასეთ დაკავშირებას ცდილობენ. ეროვნული ბიბლიოთეკა არის ჩვენი საერთო, ქართველი ხალხის მემკვიდრეობა და მომავალი, მათ შორის ერთ ორგანიზაციაში და ერთ შენობაში.
რაც შეეხება, ცვლილებას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის პოზიციაზე, ეს ცვლილებების საკითხი არის და მე მინდა ვუსურვო ბატონ კონსტანტინე გამსახურდიას წარმატება. უახლოეს დღეებში მოხდება მისი ოფიციალური დანიშვნა.
არანაირი კავშირი ეროვნულ ბიბლიოთეკას პოლიტიკასთან არ აქვს და არც უნდა ჰქონდეს. საკადრო გადაწყვეტილებები, რომელიც ეხება ორგანიზაციის ხელმძღვანელობას, მათ შორის, რომელიც არის სრულად დისკრეცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, მიიღება ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, უპირველეს ყოვლისა, მიიღება თავად ეროვნული ბიბლიოთეკის სამომავლო განვითარების მიზნებიდან გამომდინარე. ასე რომ, ვფიქრობ, კონსტანტინე გამსახურდია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შემდგომ განვითარებაში. ყველა ორგანიზაციას სჭირდება ახალი ენერგია და სწორედ ამ ახალი ენერგიით გააგრძელებს ახალი ხელმძღვანელი. მე მგონი, არ სჭირდება ახსნა კონსტანტინე გამსახურდია რამდენად შეეფერება იმ ახალ თანამდებობას, რომელიც არის სახელმწიფოს ეროვნული ბიბლიოთეკა. ვფიქრობ, საზოგადოებაში ამ მხრივ კითხვები არ არსებობს. არ მინდა, დეტალებზე ვისაუბრო. მთავარია, ის შედეგები, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკას აქვს და კიდევ ერთხელ, არ შეიძლება, ეროვნული ბიბლიოთეკა გავაიგივოთ ერთ ადამიანთან, ეროვნული ბიბლიოთეკა არის დიდი კოლექტივი, პროფესიონალები, რომლებიც წლებია, ათწლეულებია მუშაობენ, ემსახურებიან ჩვენს საერთო კულტურულ მემკვიდრეობას, ემსახურებიან ჩვენი მომავალი თაობის განათლებას. ეს არის, უპირველესად, დამსახურება მთლიანად კოლექტივის, ის მიღწევები, რომელიც არის, რა თქმა უნდა, ბატონი გიორგის, როგორც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მისი წვლილი ამაშიც არის. დეტალებში არ შევდივარ, რადგან ეს არის საკადრო გადაწყვეტილება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.