საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ მმართველობის შესახებ ევროპარლამენტარების მიერ გაჟღერებული კრიტიკა შეაფასა და აღნიშნა, რომ იმ ხალხისგან, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილის მეგობარი, შეუძლებელია კარგი მოისმინო.
მანვე აღნიშნა, რომ სასაცილოა, როდესაც ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ქართველებს ესაუბრება კრემლზე და რუსულ გავლენებზე ის ხალხი, რომლებმაც პოლიტიკაში ფეხი აიდგეს გორბაჩოვის პერესტროიკის დროს.
“ხალხი, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილის მეგობარი, მისგან კარგი როგორ უნდა მოვისმინოთ?! მთელი პარადოქსი და ირონია ის არის, რომ ქართველი ხალხი გუშინ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ისმენდა კრემლზე საუბარს თუ დაბრალებას ხალხისგან, რომელიც რუსული აქცენტით საუბრობდა იქიდან და რომლებმაც პოლიტიკაში ფეხი აიდგეს გორბაჩოვის პერესტროიკის დროს. აი ეს ხალხი რუსული აქცენტით, გორბაჩოვის პერესტროიკის დროს პოლიტიკაში შემოსული ხალხი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ჩვენ, ქართველებს რომ გვესაუბრება კრემლზე, რუსულ გავლენებზე ეს უბრალოდ სასაცილოა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.