სააკაშვილის მთელი საქმის სამარცხვინო გამოცდილების მიხედვით, მე მინდა, შევუერთდე ევროპარლამენტში მეტი გამჭვირვალებისა და ანგარიშვალდებულების კამპანიას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
“უცხოელი აგენტების რეგისტრაციის ამერიკული კანონის (FARA) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული უახლესი ინფორმაცია ამხელს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის სახელით მსოფლიო მასშტაბით განხორციელებული ლობისტური კამპანიის მასშტაბებს. ეს კამპანია ცდილობს არა მარტო მიაღწიოს სააკაშვილის უკანონო დახსნას სამართლიანი და დამსახურებული განაჩენიდან, არამედ, ასევე, დააზიანოს საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე.FARA-ზე გამოქვეყნებული უახლესი დოკუმენტები გვამცნობს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები, რომლებიც საქართველოს მთავრობას აკრიტიკებდა, არა ‘კეთილმოსურნე’ ევროდეპუტატების მიერ იყო დაწერილი, არამედ დაქირავებული ლობისტების მიერ იყო შემუშავებული, რომლებსაც დავალებული ჰქონდათ, ჩაემატებინათ სამარცხვინო ჩანაწერები ამ სავსებით უსამართლო რეზოლუციებში.
სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს (ECHR) ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებიდან ვიცით, რომ სააკაშვილის თხოვნა, გადაეყვანათ საზღვარგარეთ ‘შესაბამისი სამედიცინო მკურნალობისათვის’, უარყოფილი იქნა, ვინაიდან მსგავსი მკურნალობა სრულად შესაძლებელი იყო იქ, სადაც სააკაშვილი ამჟამად სათანადო სასჯელს იხდის. ამგვარად, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამ გაამჟღავნა, რომ სააკაშვილის მიმართ ‘ცუდად მოპყრობის’ კამპანია არა მარტო ხელოვნური, არამედ მთლიანად გაყალბებული იყო.
FARA-ს ახალი დოკუმენტები მთელ ამ ამბავს უფრო დამძიმებულ პერსპექტივაში წარმოაჩენს. სააკაშვილისადმი ცუდად მოპყრობის კამპანია არა მარტო სიყალბესა და მისტიფიკაციას ემყარებოდა, არამედ ევროპარლამენტის რეზოლუციებიც კი , რომლებიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ იყო მიმართული, ლობისტების ხელით იყო შექმნილი.
ამ ახალი, სკანდალური ინფორმაციის საფუძველზე, დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, მინდა მივმართო ევროპული პარლამენტის წევრებს, რომლებიც ამ სამარცხვინო კამპანიაში იყვნენ ჩართულნი, რომ არა მარტო შეაჩერონ საქართველოს საწინააღმდეგო კამპანია, არამედ გამოასწორონ ის ზიანი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელს მიაყენეს საერთაშორისო მასშტაბით.
ევროპარლამენტის თავმჯდომარე, რობერტა მეცოლა, ახლახანს, სავსებით სამართლიანად აღნიშნავდა, რომ, ყატარგეითის შემდეგ, მნიშვნელოვანია დაინერგოს ახალი წესები, რათა ევროპარლამენტის წევრებს დაევალოთ, საჯარო გახადონ ინფორმაცია ლობისტებთან კონტაქტის შესახებ. სააკაშვილის მთელი საქმის სამარცხვინო გამოცდილების მიხედვით, მე მინდა შევუერთდე ევროპარლამენტში მეტი გამჭვირვალებისა და ანგარიშვალდებულების კამპანიას”, – წერს პაპუაშვილი.