“ჩვენ, ხვალ, 5 სექტემბერს, გავხსნით საშემოდგომო სესიას და პარლამენტი დაუბრუნდება სასესიო სხდომების ჩვეულ რეჟიმს. საპარლამენტო კომიტეტები, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო სასესიო პერიოდი, რა თქმა უნდა, აგრძელებდნენ სხვადასხვა საკითხზე ზაფხულის პერიოდშიც მუშაობას და ამ მხრივ ზაფხულიც დატვირთული იყო“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.
ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე, პარლამენტი დავით სერგეენკოსა და ქეთევან დუმბაძისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს უყრის კენჭს.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სასესიო კვირაში, კენჭი უნდა ეყაროს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხ არამოსამართლე წევრს და ყველა პოლიტიკურ ჯგუფს მოუწოდა ამ კანდიდატების მხარდაჭერისკენ.
“იცით, რომ ეს გახლავთ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი. გავიდა 5 თვე, რაც დასახელდნენ ეს კანდიდატურები და გასაუბრებებიც იყო. ამ ხუთი თვის მანძილზე ამ ოთხ კანდიდატთან დაკავშირებით, მე პირადად არ მომისმენია რამე უარყოფითი აზრი. ამიტომ, გთხოვთ შეხედოთ ამ საკითხს იმ პერსპექტივით, რომ მნიშვნელოვანია რეკომენდაციის შესასრულებლად და შეძლებისდაგვარად, იქნებ შევძლოთ არამოსამართლე წევრების არჩევა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე.
პარლამენტში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ასარჩევად წარდგენილი არიან: რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკილაშვილი, ლევან ნემსაძე და ნინო ნიშნიანიძე.
მიმდინარე სასესიო კვირაში, განსახილველ საკითხებში, შეტანილია დადგენილების პროექტი, რომელიც შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. დადგენილების პროექტის ინიციატორია ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.
საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა ხვალ, 12:00 საათზე, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნება.