ჩვენ გარშემო გვივლიან სხვადასხვა არაპირდაპირი შემოვლითი არგუმენტებით. პირდაპირ თქვან, ფულის გაუმჭვირვალედ ხარჯვა საქართველოში, არის თუ არა ევროპული ღირებულება. კონკრეტულად, ევროკავშირის ბიუჯეტიდან საქართველოში თანხები იხარჯება ფარულად, მაგალითად, “ევროპის დემოკრატიის ფონდი“ ფარულად ხარჯავს საქართველოში ფულს, მათ შორის, პოლიტიკაში და ეს არაერთხელ გამხდარა სკანდალის საკითხი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, კითხვა მარტივია – აპირებს თუ არა ევროკავშირი თავისსავე ღირებულებებს მიჰყვეს და საკუთარი ბიუჯეტიდან საქართველოში მიმართული თანხები გაასაჯაროოს.
მისივე განმარტებით, თუ რა მავნე ზეგავლენა აქვს საქართველოში შემოსულ ფარულ ფულს, ყველა ხედავს, ვინაიდან რადიკალი პოლიტიკური პარტიები ფინანსდებიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან და ეს არაერთხელ დადასტურდა.
“კითხვა არის მარტივი: აპირებს თუ არა ევროკავშირი, მიჰყვეს მისსავე გაცხადებულ ღირებულებებს და გაასაჯაროოს საკუთარი ბიუჯეტიდან მიმართული ხარჯები საქართველოში, აპირებს თუ არა მიჰყვეს მისსავე გაცხადებულ პრინციპებს და იყოს გამჭვირვალე მისი ფინანსები საქართველოში. ეს გვაინტერესებს და ამაზე გვინდა ჯერ პასუხი ევროპელი სხვადასხვა ჩინოსნებისგან და ამის შემდეგ მოგახსენებთ სხვა საკითხებსაც.
შეუძლებელია, ვსაუბრობთ ელემენტარულ საკითხებზე. სირცხვილიც კი არის 21-ე საუკუნეში გვიმტკიცებენ, პირდაპირ, რომ უნდა იყოს ფარული ფული, რომელიც იხარჯება საქართველოში. თუ რა მავნე ზეგავლენა აქვს საქართველოში ამ ფარულ ფულს, ამას ყველა ვხედავთ, როდესაც აღმოვაჩენთ ხოლმე შემდეგ, რომ რადიკალი პოლიტიკური პარტიები ფინანსდებიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან და ეს არაერთხელ დადასტურდა. მე სხვა დროსაც მითქვამს, რომ ჩემთან პირად საუბარში დაუდასტურებია ზოგიერთ ევროპელ ჩინოსანს, რომ ნახა მაგალითად, “ევროპის დემოკრატიის ფონდის” პროექტების სია და დამიდასტურა და დამეთანხმა იმაში, რომ ნამდვილად იქ ჩანდა პოლიტიკური დღის წესრიგი ამ დაფინანსებებში, თუმცა, ჩემს თხოვნაზე, რომ იქნებ ჩემთვისაც ეჩვენებინა ეს სია, მე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, მივიღე უარი საქართველოში დახარჯულ ფულზე. ამიტომ, ყველა შეეშვას ფარისევლობას და იხელმძღვანელოს იმ ღირებულებებით, რომელზეც მართლაც ვდგავართ ჩვენ, ყველა ევროპელი, არამხოლოდ სხვადასხვა ევროკავშირის წევრი ქვეყანა, არამედ, საქართველოც, როგორც ევროპული ქვეყანა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გავრცელდა ემანუელ მაკრონის, ოლაფ შოლცის და დონალდ ტუსკის განცხადება, სადაც საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის ლიდერები საქართველოს ხელისუფლებას „ბოლო დროს მიღებული კანონების“ გაუქმებისკენ მოუწოდებენ.