“საქართველომ უკვე მიიღო ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე და უკვე აღარ რჩება კითხვა მის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, რაზეც მრავალი თაობა ოცნებობდა და რისთვისაც ბევრი თაობა იბრძოდა. საქართველო მტკიცედ ეკუთვნის ევროპას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კლინგენდაელის ინსტიტუტში საჯარო დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე საუბრისას შალვა პაპუაშვილმა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კლიმატის და სამხედრო მიმართულებით გამოწვეულ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, ამ ცვლილებების მიუხედავად, საქართველო ახერხებს და საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებს ინარჩუნებს.
“ჩვენ ცვალებად სამყაროში გვიწევს ცხოვრება. ცვლილებები იწვევს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კლიმატის და სამხედრო სირთულეებს. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განახლებული სამხედრო დაპირისპირება და სხვა გამოწვევები ამის ნათელი მაგალითებია. ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა უდიდესი წნეხის ქვეშ მოექცა.
აღნიშნული ცვლილებების და ტურბულენტობის პირობებში, საქართველო ახერხებს და ინარჩუნებს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებს“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მხრივ. მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭება რეგიონის სხვა ქვეყნებისათვისაც სტიმული იქნება და ამავდროულად, დაიცავს რეგიონს რუსეთის გეოპოლიტიკური ძალისხმევისგან.
“ჩვენ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას დიდი ენთუზიაზმით შევუდექით. იმის მიუხედავად, რომ პროცესი ჯერ არ დასრულებულა, საქართველომ ბოლო 6 თვის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ჩვენი მიზანია სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შემდგომი დაახლოება და ქვეყნის სრული ევროპიზაცია.
საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მეტ ენერგიას შესძენს საქართველოს ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მაგრამ დინამიურად განვითარებად დემოკრატიას და დიდი სტიმული იქნება ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებისათვის.
კანდიდატობის სტატუსი ასევე შეამცირებს ისეთი ავისმსურველების ძალისხმევას, როგორიცაა რუსეთი, რომელსაც სურს, ჩვენს რეგიონზე კვლავ ჩამოაფაროს გეოპოლიტიკური რკინის ფარდა“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საჯარო დისკუსია „საქართველოს ევროპული პერსპექტივა“, შალვა პაპუაშვილისა და მისი თანხმლების დელეგაციის ნიდერლანდების სამეფოში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში შედგა.